მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არის კონკრეტული დამსაქმებლის არასათანადო ქცევა – მინისტრის მოადგილე ქართველების სამუშაო პირობებზე გერმანიაში

60a51b10106cc
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.21 18:16
751
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, გერმანიაში საქართველოდან წასული სამუშაო ჯგუფების სამუშაო პირობების დარღვევა ერთეულ შემთხვევებში მოხდა, რასაც გერმანიის დასაქმების სააგენტოს მხრიდან რეაგირება უკვე მოჰყვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ბარკალაია ირწმუნება, რომ ქართველი დასაქმებულების შრომითი უფლებების დაცვა გერმანიის დასაქმების სააგენტოს ვალდებულებაა.

„ფაქტის შესახებ შევატყობინეთ გერმანიის დასაქმების სააგენტოს. გერმანიის დასაქმების სააგენტომ შესაბამისი უწყებები, მათ შორის ადგილობრივი შრომის ინსპექციაც ჩართო, რომელიც შესაბამის ზომებს უკვე იღებს. ასევე, გერმანიის დასაქმების სააგენტო, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, თვითონ დამსაქმებელს დაუკავშირდა. იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტი არ დაკმაყოფილდება, გერმანიის დასაქმების სააგენტო ვალდებულია, ეს ადამიანები სხვა სამუშაო ადგილებზე გადაანაწილოს. ეს არის კონკრეტული დამსაქმებლის მიერ არასათანადო და არაეთიკური ქცევა, რომლისგანაც, სამწუხაროდ, არავინაა დაცული. ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია იმ თვალსაზრისით, რომ პირობების გაუმჯობესებაზე თანხმობა დამსაქმებლისგან მიღებული გვაქვს“, – განაცხადა ბარკალაიამ.

ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს მოჰყვა, სადაც ქართველები არასათანადო სამუშაო გარემოსა და მცირე ანაზღაურებაზე საუბრობდნენ. მოგვიანებით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ გერმანიის ელჩს დასაქმებულთა საკითხის შესწავლა, ხოლო ჯანდაცვის მინისტრს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით დაინტერესება სთხოვა. პროფკავშირების შეფასებით, საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებით გახდა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყო, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან წარმოებდა. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, დროებით დასაქმებულები ანაზღაურების სახით საათში 9.5 ევროს (დარიცხული) მიიღებდნენ. პროგრამამ საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, შედეგად კი დაახლოებით 1 თვეში პლატფორმაზე 95 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები