ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მაქსიმალურ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ არსებული კონფიგურაციით, სტრუქტურით, ინვესტორით, შესაძლებელი გახდეს ანაკლიის პროექტის განხორციელება. ამის შესახებ მან პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, ფოთის პორტის ინვესტორის მიზნებთან დაკავშირებით და ანაკლიის პორტის პროექტის საფრთხეებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, მაქსიმალურ კომფორტს ვქმნით და ამას ჩვენ საქმით ვამტკიცებთ.
რაც შეეხება ფოთის პორტს, ეს არის ჩვენი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი. ეს არის ჩვენი ტრადიციული, სტრატეგიული პორტი, რომელსაც წვლილი შეაქვს დღეს, როგორც მოქმედ პორტს ჩვენი როლის განმტკიცებაში ტვირთების დერეფანში, მათ შორის განსაკუთრებით, მშრალი ტვირთების, ნაყარი ტვირთების, საკონტეინერო ტვირთების. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინვესტორის როლი, რომელიც დღეს არის ფოთის პორტში. ეს არის "ეიპიემ ტერმინალი", გლობალურად ცნობილი გადამზიდავის – "მაერსკის" შვილობილი კომპანია, რომელიც არის ერთ–ერთი ლიდერი მსოფლიოში კონტეინერების გადაზიდვაში. ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ ინვესტორს, ძალიან ვაფასებთ მათ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
რასაკვირველია, როდესაც არსებობს ბუნებრივი, ისტორიული, თუ სიტუაციური მონოპოლია, არის ყოველთვის გარკვეული უკმაყოფილება ტარიფებთან მიმართებაში. სხვათაშორის, ჩვენი ერთ–ერთი მოტივატორი თავის დროზე, რატომ წამოვიწყეთ ანაკლიის პროექტი და რატომ ვუჭერთ მხარს, არის ის, რომ მეტი კონკურენცია შემოვიტანოთ. ეს არის ჩვენი პრინციპი – იქნება ეს გაზი, ელექტროენერგია, თუ სატრანსპორტო გადაზიდვები, ყველგან მეტი კონკურენცია, ანუ მოქმედ ფოთის პორტსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან სამომავლო პორტს შორის", – განაცხადა მინისტრმა.

























