აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი და კონგრესმენი სტივ კოენი რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას გმობენ და “ოცნების” ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებენ. შესაბამისი განცხადება ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
„ხუთშაბათს ქართველები გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ხმა აემაღლებინათ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ "ქართული ოცნების" გაცხადებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ამ მშვიდობიან პროტესტს უკიდურესი ძალადობა მოჰყვა. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას მაქსიმალურად მკაცრი ფორმით.
არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებითაც ჩანს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ ოქტომბრის არჩევნების მანიპულირება მოახდინა, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინა და ქართველი ხალხის ცალსახა მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ კვლავ უარყო.
ამ კვირის დასაწყისში, "ქართულმა ოცნებამ" ახალი მთავრობა დაამტკიცა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით. შესაბამისად, ეს დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია.
ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს ბრძოლაში, რათა აღადგინონ დემოკრატია და თავისუფლება თავიანთ ქვეყანაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მიიღოს ზომები, რათა დაისაჯონ ქართველების მშვიდობიანი პროტესტის და ასევე, ლიდერების არჩევის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები“ - წერია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონის და კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებაში.