მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მთავრობის რეგულაციებზე

61a4f7ece27f0
დავით ჯალაღონია
29.11.21 23:00
4898
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება აზარტული თამაშების სექტორის რეგულირების შესახებ, მისთვის და სფეროს წარმომადგენლებისთვის მოულოდნელი იყო.

როგორც მან BMG-სთან საუბრისას განმარტა, ხელისუფლების მიდგომა არა მარტო სათამაშო ბიზნესს, არამედ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს დააზიანებს.

“აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენთვის სავსებით მოულოდნელი იყო, რადგან მთავრობას ყოველთვის ჰქონდა სწორი და ლოიალური მიდგომა სათამაშო ბიზნესის მიმართ. მსოფლიოს უმეტესი განვითარებული ქვეყნები შეთანხმდნენ იმაზე, რომ სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაცია სწორია, ვიდრე - მისი აკრძალვა. რაც შეეხება აღნიშნულ მიდგომას, ვფიქრობ, რომ საკმაოდ არასწორი მიდგომაა, როცა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე იღებ რაიმე კრიტიკულ გადაწყვეტილებას, ან განცხადებას აკეთებ, რაც პირდაპირ აზიანებს ბიზნესს. აქ საუბარია საკმაოდ მსხვილ უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო ბაზარზე და შესაბამისად, ასეთი ტიპის განცხადებები და მიდგომა საკმაოდ დამაზიანებელია არა მარტო ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნის იმიჯისთვის”, - განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.

მან ასევე, ორი წლის წინ ამ თემაზე ხელისუფლებასთან მიმდინარე სამუშაო შეხვედრები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ კერძო სექტორმა მთავრობა დაარწმუნა რეგულაციების შესაძლო ზიანზე.

“რაც შეეხება აქამდე საუბარს ამ თემასთან მიმართებაში, ორი წლის წინ გვქონდა საკმაოდ ვრცელი გამოსვლები აღნიშნულ თემაზე, საუბარი მაქვს ზღვრის აწევაზე 25 წლამდე. საკმაოდ კარგად აღვუწერეთ მთავრობას, რას გამოიწვევდა ამ ზღვრის აწევა და ის, რომ მთავრობა ვერ მიიღებდა იმ სასურველ ეფექტს, პირიქით უკუეფექტს მიიღებდა და შესაბამისად, ჩვენ გვეგონა, ის, რასაც ორი წლის წინ მივაღწიეთ, საკმარისი იყო და აღარ დაგვჭირდებოდა საწყის წერტილზე დაბრუნება, რადგან ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს მოთხოვნა არანირად არაა დასაბუთებული, მეორე - მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა არსად არსებობს და გამოდის ისე, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ამბობენ, რომ ადამიანს კონკრეტული ასაკიდან - 18-დან ან 21-დან თუნდაც, უნდა ჰქონდეს უფლება ითამაშოს კაზინოში.

მე შემიძლია ახლო წარსულიდან დაგისახელოთ ორი ქვეყანა, რომლებმაც ასაკობრივი ზღვარი პირიქით, დაწიეს 21-დან 18-ზე - ესენია იაპონია და საფრანგეთი. შესაბამისად, ისინი აკეთებენ სრულ ანალიზს და ამის შედეგად ხდება ცვლილებების მიღება. გამოდის, რომ ანალიზი არ გაკეთებულა და ჰაერიდან არის აღებული ციფრი.

როდესაც ადამიანს შეუძლია, 21 წლის ასაკში იყოს თუნდაც საკრებულოს წევრი, ან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იმუშაოს, მას უნდა შეეძლოს საკუთარი სახსრების განკარგვის უფლება. ჩვენ მაშინაც გავაკეთეთ განცხადება, რომ ხალხის ეს კატეგორია არალეგალურ საიტებზე გადაინაცვლებს, რაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას შექმნის და ამაზე პასუხისმგებლობის აღებას არავინ აპირებს. ასეთი შეგრძნება მაქვს და ეს ძალიან ცუდი იქნება, რადგან ისევ 1990-იანებში და 2000-იან წლებში დავბრუნდებით, როცა ამ ბიზნესში სრული უკონტროლობა იყო. დღესდღეობით სათამაშო ბიზნესი საკმაოდ კარგად არის საქართველოში განვითარებული. კანონმდებლობა საკმაოდ დახვეწილია, ისევე როგორც ვერიფიკაციისა და იდენტიფიკაციის კუთხით, მაგრამ როცა საუბარია არალეგალურ საიტებზე, ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს ვერც არასრულწლოვანს, ვერც 25-წლამდე ადამიანს”, - განაცხადა ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ დღეს აზარტული თამაშების რეგულირების დეტალური მოდელი წარადგინა, რომლითაც 1 მილიონ ადამიანს თამაშის უფლება ეკრძალება. მათ შორისაა 25 წლამდე პირები, საჯარო მოხელეები და სოცდაუცველი მოქალაქეები.

აზარტული თამაშების რეგულირებისთვის კანონპროექტს მთავრობა პარლამენტს დეკემბერში გადაუგზავნის. რა თანხას დაკარგავს ბიუჯეტი, ფინანსთა მინისტრს არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ დასაბეგრი ბაზის ცვლილება, ამ დანაკარგებს გაანეიტრალებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები