"ბათუმელების" მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელის 2 წლით დაპატიმრება აბსურდული სასჯელია დანაშაულისთვის, რომელიც "ბათუმელების/ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს არ ჩაუდენია.
"თავდასხმა რომ აბსურდი იყო, რა თქმა უნდა, [განაჩენით] ეს დადასტურდა, მაგრამ განაჩენი, რაც არის, ეს არის აბსურდი. მზია ამაღლობელი 2 წლით ციხეში არ უნდა გამოიკეტოს, მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ მან რა დანაშაულიც ჩაიდინა, კვალიფიკაცია არ არის სწორი და უნდა გათავისუფლდეს. მაინც ვერ გაბედა [მოსამართლე] სახელაშვილმა მზია ამაღლობელის გამოშვება საპატიმრო დაწესებულებიდან დღეს, აქ და ახლა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემდგომ აპელაციის ეტაპზე, მზიას უდანაშაულობა სრულად ამ ქართულ სასამართლოებშიც დადასტურდება. შეუძლებელია, რომ სილის გაწვნის გამო თავდასხმაზე ედავებოდნენ და შემდეგ ასეთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ როგორმე, წარმოუდგენელია", - განაცხადა ეთერ თურაძემ მედიასთან, სასამართლო სხდომის შემდეგ.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდება 351 მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას ითვალისწინებს.
მანამდე მზია ამაღლობელს სასამართლო ამავე მუხლის პირველი ნაწილით, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. "ბათუმელების" დამფუძნებელი ბრალს არ აღიარებს.




























