მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია" – ანაკლიის კონსორციუმი ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის შესახებ

5ceeed0732e2c
BM.GE
30.05.19 00:33
6882
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად კომპანიამ ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა მიიღო. კონსორციუმის განცხადებას BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია "სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" – "ეიპიემ ტერმინალსის" შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ)

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის", მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება", – ნათქვამია განცხადებაში.

"ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. 

"ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები