ეს კანონი მე არ მიმიღია, თბილისში გარევაჭრობა არის აკრძალული,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ის გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც „თითქოს ზედახმედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს არბევდა“.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს. ეს კანონი დღეს არ მიგვიღია და მე არ მიმიღია. თბილისში გარევაჭრობა არის აკრძალული და ზედამხედველობის სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღიკვეთოს გარევაჭრობა. დედაქალაქში არსებობს გარე სივრცეები, სადაც შესაძლებელია კანონის ფარგლებში მოხდეს ვაჭრობა. თუმცა, ცენტრალურ ქუჩებში მიუღებელია ასეთი სახით ვაჭრობა. თუ ჩვენ ამაზე თვალს დავხუჭავთ მივიღებთ სრულ განუკითხაობას“,- აცხადებს კალაძე.
მანვე მიმართა გამგებლებს, თუ არის მათ რაიონებში საჭიროება, გამოყონ სივრცეები და კვირაში ერთი დღე ბაზრობებს დაუთმონ, სადაც დაინტერესებულ პირებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეეძლებათ.
კალაძის თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ავტორი, საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს ის ჩამოვიდა მარშრუტიდან და მაშინვე ააცალეს ჩანთები.
მერი ამბობს, რომ მათ დინამოს ადმინისტრაციისგან გამოითხოვეს ვიდეოთვალის ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ეს ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე ვაჭრობდა, შეურაცხყოფას აყენებდა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს და „იწვევდა მათ“.
კალაძის მტკიცებით, ყველაფერთან ერთად ვიდეოს ავტორი „თავს გლეხად ასაღებდა“, სინამდვილეში კი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. თბილისის მერი ამბობს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე ჩანს, რომ აღნიშNული ვიდეოკადრები დადგმულია და პროვოკაციას ემსახურება.

























