უფრო ადრეც ხომ შეგეძლოთ ამის გაკეთება? - ასე მიმართა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე მისულ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას. მისი თქმით, დღეს რომ ინტერპელაცია არ დანიშნული საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, გუშინ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. შეგახსენებთ, 22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, პროცენტი შეუმცირდებათ და იმ პროცენტს გაუტოლდება, რომელიც 2023 წლიდან დაწესდა.
„გუშინ საღამოს პრემიერთან გაიმართა შეხვედრა, თქვენ და "ლიბერთის" ხელმძღვანელი იმყოფებოდით და შეთანხმდით, რომ 150 000-მდე პენსიონერის სესხთან დაკავშირებით საკითხს გადახედავთ. დღეს ინტერპელაციაა. ეს ხომ დღევანდელი ინტერპელაციის გამო მოხდა? უფრო ადრეც ხომ შეგეძლოთ ამის გაკეთება?", - აღნიშნა ელისაშვილმა და თურნავას პენსიონერების სესხებისა და ოვერდრაფტების საკითხის სისტემურად მოგვარებისკენ მოუწოდა.
„თქვენც ხომ აღიარებთ რომ ატყუებდნენ პენსიონერებს. ახლა იმაზეც გვითხარით, უკვე მოტყუებულ პენსიონერებს რას ეტყვის ეროვნული ბანკი. ეს ხომ შეგიძლიათ სისტემურად მოაგვაროთ?“, - მიმართა ელისაშვილმა ნათია თურნავას.