ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რესპუბლიკურის ექიმებთან შეხვედრის მიზანი, პირდაპირი კომუნიკაციის გზით კლინიკის სამომავლო განვითარების ხედვების მათგან მოსმენა იყო. ცნობისთვის, ახალი მინისტრი რესპუბლიკურის ექიმებს დღეს შეხვდა.
“ვფიქრობ, რომ საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა შეხვედრა. იმის გათვალისწინებით რომ საინტერესოა ამ ხალხის მოსაზრებები. ალბათ მნიშვნელოვანია თავად შეთანხმება იმაზე, რომ სამომავლოდ გაგრძელდება ეს თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის ფორმატში ჩვენ გვექნება კვლავ ახალი მოსაზრებების, იდეების განხილვის სრულფასოვანი შესაძლებლობა. ალბათ ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ წარმატებული პროექტის განხორციელებას.
პირველ ეტაპზე, ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად პრობლემატიკასთან დაკავშირებით. დასმული კითხვებიც სწორედ ამ კონტექსტში იქნა აღქმული. თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას კონკრეტული პრობლემები, ამაზე ალბათ მოგვიანებით გვექნება შეჯერებული პოზიცია და ეს მუშა პროცესია, რომელიც დაიწყო”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც ჯანდაცვის უწყება იტყობინება, დღევანდელ შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. კლინიკასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკურის ძველი შენობის დანგრევის და კლინიკის დახურვის გეგმები გასულ თვეს, პრემიერის შეცვლის შემდეგ შეიცვალა. ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკურის ექიმებთან პოსტის დაკავებიდანვე მალევე გამართა შეხვედრა. ასევე, მალევე მოხსნა ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილიც, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ რესპუბლიკური კლინიკის საკითხს შეეწირა.