"კერძო სექტორში დაგროვილი გამოცდილება, აქ არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებასთან და ისტორიასთან ერთობლიობაში, ვფიქრობ, ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ახალმა გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განაცხადა.
ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა დღეს წარუდგინა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„უნდა აღვნიშნო ცენტრის დიდი მნიშვნელობა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის. რასაკვირველია, ეს პოზიცია არის ძალიან საპასუხისმგებლო. კერძო სექტორში დაგროვილი გამოცდილება, აქ არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებასთან და ისტორიასთან ერთობლიობაში, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს. ერთიანი გუნდით ჩვენ შევძლებთ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და ცენტრის მნიშვნელობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიყვანოთ“, - განაცხადა ცენტრის ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა.
ირაკლი ფურცელაძეს კერძო სექტორში, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2011 წლიდან - 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანია „ავერსი-ფარმაში“ მუშაობდა სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე. იყო ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი. მანამდე კი, 2016-2018 წლებში, ხელმძღვანელობდა სადაზღვევო კომპანია „ალფას“.