"ეს სანქცია მისთვის ყვითელი ბარათია, რომელიც ივანიშვილს აძლევს საშუალებას, გადადგას ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას არ მიიყვანს კატასტროფამდე", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პაპუნა ჯანელიძემ "ბიზნესის კვირეულში" განაცხადა.
დიპლომატმა BMGtv-ის ეთერში თქვა, რომ ივანიშვილი ორი დღის წინ მიხვდა რა არის სანქცია, როცა ის, 2 წელზე მეტია საუბრობს, რომ დე ფაქტო სანქცირებულია.
" ჩვენი საფინანსო სისტემა სანქციებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი რისკის ქვეშ დგება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპამდე დაწესებულ სანქციებს არ შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ფინანსურ სექტორზე და ამიტომაც იქნა ეს ნაბიჯი გადადგმული ჩემი გადმოსახედიდან. ეს არის გამაფრთხილებელი სანქცია. ეს არის ნაბიჯი, რითაც ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რეალურად, რას ნიშნავს სანქცია. აქამდე, მას კითხვები ჰქონდა, ხომ არ არის ის დე ფაქტო სანქცირებული. სინამდვილეში, ასეთი რამ არ არსებობს. ამერიკა არის კანონზე დაფუძნებული, შესაბამისად, ის თუ რამეს აკეთებს, აკეთებს შესაბამისი რეგულაციური აქტებითა და შესაბამისი დასაბუთებით. აქ უკვე ნათლად ჩანს, რომ ეს სანქცია მისთვის ყვითელი ბარათია, რომელიც ივანიშვილს აძლევს საშუალებას, გადადგას ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას არ მიიყვანს კატასტროფამდე", - განაცხადა ჯანელიძემ "ბიზნესის კვირეულში".
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.