საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი განცხადებით ეხმიანება "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ბაზის შეიქმნას ითვალისწინებს.
პროფკავშირი მიიჩნევს, რომ ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები, რომელშიც ეს ინფორმაცია მოიყრის თავს, უკიდურესად მაღალი რისკის მატარებელია და ასეთი სისტემა შეიძლება გამოყენებული იყოს მოქალაქეების კონტროლისთვის, დისკრიმინაციისთვის, დასაქმების, განათლებისა და სხვა უფლებების შეზღუდვისთვის.
"ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა იყოს ადამიანების კონტროლის, დისკრიმინაციისა ან მანიპულაციის იარაღი!
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ეკუთვნის იმ განსაკუთრებით მგრძნობიარე მონაცემთა კატეგორიას, რომლის შეგროვება, შენახვა ან გავრცელება ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევის საფრთხეს ქმნის და ზრდის მისი დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციის რისკს.
ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები, რომელშიც ეს ინფორმაცია მოიყრის თავს, უკიდურესად მაღალი რისკის მატარებელია. ასეთი სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოქალაქეების კონტროლისთვის, დისკრიმინაციისთვის, დასაქმების, განათლებისა და სხვა უფლებების შეზღუდვისთვის.
მონაცემთა ბაზაში მოხვედრის თანმდევი პრობლემების თავიდან ასარიდებლად, ადამიანმა შეიძლება უარი თქვას დახმარების ძიებაზე, რაც გაამწვავებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას.
მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველას, ვინც ადამიანის უფლებებს, თავისუფლებასა და სამართლიანობას იცავს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს კონფიდენციალურობის, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტებს!",- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იფუნქციონირებს ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომელშიც განთავსდება მონაცემები, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა შესახებ. 2026 წლის 1 მარტამდე სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ბაზაში მონაცემების შეტანის კრიტერიუმების შემუშავება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების შესახებ მონაცემების შესაბამისი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისგან მოპოვება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში შეტანა.




























