ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც უკრაინასთან ჟენევაში მოლაპარაკებებს მართავს, ამბობს, რომ ეს შეხვედრა „ჯერჯერობით ყველაზე პროდუქტიული და შინაარსიანია“.
როგორც ცოტა ხნის წინ, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე რუბიომ განაცხადა, ჯერ კიდევ დარჩა განსახილველი საკითხები, რასაც 1-2 საათი კიდევ დასჭირდება.
„ჩვენ, ალბათ, მთელი ამ პროცესის განმავლობაში ყველაზე პროდუქტიული და შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მათ აქვთ „პროდუქტი“, რომელიც აგებულია ყველა ჩართული მხარის „შენიშვნების საფუძველზე“ და „კარგ პროგრესს მიაღწიეს“ მასში შემავალი პუნქტების განხილვისას.
„ჯერ კიდევ არის გასაკეთებელი“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა უკრაინის წარმომადგენელმა ანდრეი იერმაკმა. მისი თქმითაც, ჟენევის დღევანდელი შეხვედრა ძალიან პროდუქტიულია და რომ საქმე „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ“ მიდის.
მან მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიმართ და მადლობა პრეზიდენტ ტრამპს პირადად გადაუხადა.
მისი თქმით, დელეგატები დღეს და მომდევნო დღეებში აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ერთობლივ წინადადებაზე იმუშავებენ.
როგორც ცნობილია, მხარეები შეხვედრის მეორე რაუნდს უბრუნდებიან.




























