თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორის გიორგი კერესელიძის განცხადებით, დარბაზის მენეჯმენტს ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიური მოლაპარაკებები აქვს.
საქმე იმაშია, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანია "ინტერნეიშენალ ივენთსს", რომელსაც ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით 2007 წელს გადაეცა, ბოლო რვა წლის განმავლობაში სახელმწიფოს წინაშე მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს სახით 3 მლნ ლარამდე დავალიანება დაუგროვდა.
"ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან და ეს პროცესი შევიდა განხილვის ფაზაში, აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან. რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ სამინისტრო ყველაფერს გადაწყვეტს დადებითად", - ამბობს კერესელიძე.
დარბაზის დირექტორი ამბობს, რომ დღეს ფილარმონია ერთადერთი დარბაზია ქვეყანაში, რომელიც სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე დამოუკიდებლად არსებობს. მისი სახელმწიფო მართვაში გადასვლა კი პრაქტიკულად ქართული "შოუბიზნესის მკვლელობა" იქნება.
"ეკონომიკის სამინისტროს ევალება, რომ ეკონომიკური პოლიტიკა გაატაროს ქვეყანაში, ის შემოთავაზება რაც იმ მხარეს ჰქონდა ძირითადად სულ დაკავშირებულია საბიუჯეტო ხარჯებზე, დარბაზის ბიუჯეტზე ჩამოკიდებაზე, ეს ერთადერთი დარბაზია ქვეყანაში, რომელიც თავისით არსებობს და თავისით ფუნქციონირებს. თუ ესეც უნდათ რომ ბიუჯეტს დაჰკიდონ, მე მგონია, რომ ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. ის დააზარალებს ქვეყანას და ზოგადად ამ ინდუსტრიას, შოუბიზნესს საერთოდ მოკლავს. აქამდე მოვიყვანეთ შოუბიზნესი", - ამბობს კერესელიძე.
მარტში საია-მ გაასაჯაროვა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 4 იანვრით დათარიღებული ოფიციალური წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სააგენტო ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტდა.
"დღეის მდგომარეობით, შპს "ინტერნეიშენალ ივენთსს" ერიცხება 8 წლის განმავლობაში გადაუხდელი მართვის საზღაურის დავალიანება, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის/არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, სააგენტო იყენებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას", - ეწერა წერილში, თუმცა როგორც ირკვევა, ქონების მართვის სააგენტოდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილის მიღების შემდეგ, კომპანიამ ეკონომიკის მინისტრს მიმართა. 18 იანვრით დათარიღებულ წერლში "ინტერნეიშენალ ივენთი" ვრცლად აღწერს, რატომ დაუგროვდათ დავალიანება - მიზეზებს შორის ასახელებს აგვისტოს ომს, ლარის გაუფასურებას, საკონცერტო დარბაზზე შემცირებულ მოთხოვნებს და ა.შ. ასევე ქობულიას უყვებიან, რა მდგომარეობაში აიღეს ფილარმონიის მართვაზე ვალდებულება და აცხადებენ, რომ ქონების სააგენტოს გადაწყვეტილება უკიდურეს ზომას წარმოადგენს, რასაც არ ეთანხმებიან.
ეკონომიკის სამინისტროსა და "ინტერნეიშენალ ივენთსს" შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, მართვის საზღაური პირველი 5 წლის განმავლობაში 100 020 ლარით განისაზღვრა; მომდევნო 5 წლის განმავლობაში - ყოველწლიურად 150 020 ლარით, ხოლო 10 წლის შემდეგ კი, ყოველწლიურად - 250 020 ლარით.

























