მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს სიმპტომია მძიმე პოლიტიკური დაავადების" - ექიმები გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას ეხმაურებიან

გიორგი ჩახუნაშვილი

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას ეხმაურებიან. ცნობისთვის, დღეს საღამოს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ექიმების საპროტესტო აქცია იგეგმება.

ბავშვთა ქირურგი ლევან ფერაძე:

"დღეს საქართველოში დააკავეს 71 წლის პედიატრი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი — ადამიანი, რომელმაც ათასობით ბავშვს მიუძღვნა სიცოცხლე და ცოდნა, და რომელიც წლებია პატიოსნად ემსახურება ქართულ მედიცინას.ის დააკავეს არა დანაშაულისთვის, არამედ აზრის გამოთქმისთვის — სიტყვისთვის, რომელიც არ ემთხვეოდა ე.წ. ხელისუფლების ნარატივს.ეს მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე აღარ არის.ეს არის სიტყვის თავისუფლების გამოცდა, მედიცინის ღირსების გამოცდა, და საზოგადოების სინდისის გამოცდა.როდესაც 71 წლის ექიმს აკავებენ, რომ გაჩუმდეს — ეს ნიშნავს, რომ სურთ გაჩუმდეს მთელი პროფესიული და ინტელექტუალური საქართველო.ჩვენ, ვინც ვიცავთ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ადამიანურ ღირსებას, ვერ დავუშვებთ პროფესორ ჩახუნაშვილის მიმართ ასეთ უსამართლობას.სიტყვისთვის დაპატიმრებული ექიმი — ეს უკვე სიმპტომია მძიმე პოლიტიკური დაავადებისა, რომლის მკურნალობა მხოლოდ ერთიანობით, სიმართლის ხმამაღლა თქმით და სოლიდარობით შეიძლება.თავისუფლება პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილს.თავისუფლება სიტყვისა და ღირსების უფლებას".

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:

"ბატონი გოგა (ჩახუნაშვილი) პედიატრიულ კარდიოლოგიას გვასწავლიდა ჩემი თაობის და შემდეგ ბევრი თაობის ექიმებს. იმ ბნელ საბჭოთა პერიოდში დამატებით სტუდენტებისთვის კარდიოლოგიური სექცია ჰქონდა შექმნილი, ატარებდა კონფერენციებს… მაშინ ეს ყველაფერი იშვიათობა იყო. არ მომწონს მის ასაკზე აპელირება - ყველა ახალგაზრდაზე უფრო ახალგაზრდაა. ჰოდა ახლა, შსს თანახმად, საერთოდ მარველის პერსონაჟად გადაქცეულა - რკინის ღობეებს გლეჯს და ისეთი სუპერძალები აქვს, მის დასაკავებლად თურმე ასი პოლიციელია საჭირო. აი მართლა ვაიმე:( ყოჩაღად იყავით ბატონო გოგა".

რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი:

„ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყნების ისტორიას არ ახსოვს ექიმები დაეპატიმრებინოთ, ბორკილებდადებული გაეტაცოთ საკუთარი ბინიდან, ღამით, პოლიტიკური შეხედულებებისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო. ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების პირობებში კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუნდაც სსრკ-ს ისტორია გავიხსენოთ.სტალინის პარანოიდალური ახირების გამო და მისი პირდაპირი ბრძანებით დაიჭირეს მისივე პირადი მკურნალი ექიმი, უცნობილესი თერაპევტი, 70 წლის (!) აკადემიკოსი ვინოგრადოვი, რომელიც მალევე მთავარი ბრალდებული აღმოჩნდა სრულიად აბსურდული “ექიმების საქმისა“. სხვათა შორის, მათ იმდროინდელი “დიფ სტეიტის“ აგენტობა ბრალდებოდა. და ასევე თავად სტალინის ბრძანებით, მას ბორკილები დაადეს და მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ ჩეკისტები.ხოლო სულ რამდენიმე თვეში, როდესაც აგონიაში მყოფი სოსელო საკუთარ ექსკრემენტებში სულს ღაფავდა, მარტოდ მარტო, ვერავინ გაბედა, მათ შორის ექიმებმა, მის ოთახში შეხედვაც კი, ყველას ეშინოდა მას არ დაბრალებოდა ბელადის სიკვდილი. ექიმების ტერორი, შანტაჟი, დაპატიმრება, ძალადობა მათზე (შარშან დეკემბერში იყო მაგალითები) რეჟიმის აგონიის ნიშანია. ისტორია არ ცდება, “ექიმების საქმის“ ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა, ტირანს მანამდე აღმოხდა სული.ჩემი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა უწესიერეს ადამიანს, უანგარო პროფესიონალს, სამაგალითო მოქალაქესა და პატრიოტს, ბატონ გიორგი ჩახუნაშვილს“.

არჩილ მორჩილაძე, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი:

"თავისუფლება გიორგი ჩახუნაშვილს!".

სანდრო ურუშაძე, ჯანდაცვის საერთაშორისო სპეციალისტი:

"პატივისცემა და მხარდაჭერა ბატონ გიორგი ჩახუნაშვილს! ეს ის შემთხვევაა, როცა გაჩუმება სირცხვილია".

ჯაბა ზარქუა, გასტროენტეროლოგი:

"დღეს ვაპირებ რუსთაველზე გასვლას 20:00-ზე უფროსი კოლეგის მხარდასაჭერად, რომელიც დააკავეს ნკვდ-ს საუკეთესო ტრადიციებით. დარწმუნებული ვარ ბევრ ღირსეულ კოლეგას და პაციენტს ვნახავ ქუჩაში. აქვე ჩემი პოზიცია - ხელისუფლება ავტოკრატიულია. “4 ოქტომბერი” კი იყო საჩუქარი, რომელიც მას მიართვა მეინსტრიმ ოპოზიციამ (ნაცმოძრაობა/ლელო) თავისი ბრიყვული ან გარიგებული ქცევით, არ ვიცი მათი მოტივი რა იყო, არც მაინტერესებს იმდენად გაბრაზებული ვარ ამ თემაზე".

ანი ქავთარაძე, ექიმი-ანესთეზიოლოგი:

"ვისაც ადამიანური და სამოქალაქო სინდისი შეგვრჩა!!! დღეს, 20:00 საათზე, #ექიმების აქციაა პარლამენტთან, თეთრი ხალათებით! არა, ბევრს არ ველი... კარგად შევისწავლე, ახობაძის, ქერაშვილის და მინდაძის მაგალითზე, მაგრამ 71 წლის პედიატრის პატიმრობა კიდევ სხვა სიღრმის ფსკერია! ჩემი ყველაზე ჰუმანური, ყველაზე ემპათიური, ყველაზე კეთილსინდისიერი პროფესია, თურმე ყველაზე კონფორმისტული, ყველაზე არაადამიანური და არაემპათიური ყოფილა, ყველაზე დიდი რაოდენობით ლუბრიკანტთან ერთად! არავინ გაბედოს, აქ არ შემომიხტეს, ხალათის სიწმინდის დამცველად! როცა დასჭირდებათ მაშინ ამოგსვრიან და გიკრავენ თავს ვირის აბანოში, უგუნურებო! თავისუფლება გოგი ჩახუნაშვილს!"

გიორგი კავკასიძე, ექიმი, „ლაბუნო სამედიცინო ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი:

"გუშინ ვფიქრობდი, რა საჭირო იყო პროფესორ გოგა ჩახუნაშვილის დასაჭერად ამხელა რაზმის მობილიზება. ერთ კაცს რომ მიეტანა უწყისი, კანონმორჩილი პროფესორი ულაპარაკოდ გაჰყვებოდა სადაც ეტყოდნენ.ეს იყო ექიმების დაშინების მცდელობა. რადგან ექიმის პროფესია ყველაზე მოთხოვნადია. ექიმები არ არიან საჯარო მოხელეები რომელთა დაშინება და მართვა გაცილებით იოლია.ექიმების დაშინება ნიშნავს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე უზარმაზარი სეგმენტის დამორჩილებას.ყველასთვის ნათელია რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ ართმევს თავს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის დროს, როდესაც სისტემა ფაქტობრივად ჩამოიშალა და ელემენტარულ დახმარებას ვერ უწევდა მოსახლეობას. პანდემიის დროს 3.7 მილიონიან საქართველოში 17’000 დაღუპული არის ჯანდაცვის სისტემის განაჩენი. კიდევ უფრო უარესია ის ფაქტი რომ არ მომხდარა პანდემიის „გაკვეთილების“ ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე სისტემის რეფორმირება. ამიტომ აუცილებელია ექიმების კონსოლოდაცია, საკუთარი სამოქალაქო და პროფესიული უფლებებისთვის ბრძოლა, რაც საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები