რა ვადებში გამოსწორდება სოციალური სტატუსის მინიჭების მექანიზმი - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირინე წაქაძეს პარლამენტში გამართულ სხდომაზე, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები განიხილეს.
კერძოდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა განიხილა ანგარიშები, რომლებშიც სოციალური დახმარებისა და დასაქმების პოლიტიკის მიმართულებით არაერთი ხარვეზია გამოვლენილი. აუდიტის ძირითადი მიგნებები მოიცავს სტრატეგიული ხედვის ტრანსფორმაციას, საარსებო შემწეობის პროგრამის შრომის ბაზართან კავშირს, შრომისუნარიანი პირების დასაქმების ბარიერების იდენტიფიცირებასა და ბენეფიციართა მონაცემთა ბაზების ანალიზის ნაკლებობას, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები გაეცა.
ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, სხვადასხვა უწყებისა თუ თვითმმართველობის მიერ გაცემული სარგებლის 99% სწორედ სოციალურ სტატუსზეა დამოკიდებული, რის გამოც მექანიზმის გაუმართაობა მოქალაქეებისთვის სარგებლის სამართლიანად განაწილებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კონკრეტულად ჯანდაცვის სფეროში და განსაკუთრებით მასთან მიმართებით მინდა გითხრათ, რომ სხვა სამინისტროებისა თუ თვითმმართველობის მიერ მოქალაქეებისთვის განსაზღვრული ბევრი სარგებელი ძირითადად, 99%-ში, სოციალური სტატუსის ქონა-არქონაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, თუ ეს მექანიზმი ზუსტად არ იქნება გამართული, სხვა ყველა სარგებლის მიღებაც ავტომატურად უსამართლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რა დროში იქნება შესაძლებელი აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები გაითვალისწინოთ?", - თქვა ირმა ზავრადაშვილმა.
ამაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ უპასუხა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესასრულებლად სამინისტროს დრო 2028 წლამდე აქვს.
"თვითონ ამ სამოქმედო გეგმის ფორმატიც იმას ითვალისწინებს, რომ შუალედური შედეგები ყოველ ექვსთვიანი შუალედის დაცვით უნდა იქნეს წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ამ ხუთივე რეკომენდაციის საბოლოო შესრულების ვადა 2028 წელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს არაფერი კეთდება და ყველაფერი მხოლოდ 2028 წლის ბოლოს შესრულდება. პროცესი ეტაპობრივად, ექვსთვიანი შუალედებით არის გაწერილი, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა 2027 წლის ბოლოს დასრულდეს, ზოგიერთი კი - 2028-ში", - განაცხადა წაქაძემ და დაამატა, რომ მსოფლიო ბანკთან მუშაობენ ახალ მეთოდოლოგიაზე.
"ზოგადად მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო ბანკთან ახლა გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში არსებობს შესასრულებელი DLR ვალდებულებები და ერთ-ერთი მათგანი სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების სრულიად ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლას ითვალისწინებს", - თქვა წაქაძემ.
ამაზე ზავრადაშვილმა უპასუხა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული ახალი მეთოდოლოგია მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ის საქართველოშიც იმუშავებს.
"ნებისმიერი კარგი მოდელი, რომელიც სხვა თუნდაც წარმატებულ ქვეყანაში მუშაობს, პირდაპირი კალკირების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იდენტურ შედეგს არ იძლევა. ამ საკითხის მიმართ მგრძნობელობა განსაკუთრებით მაღალია და წლების განმავლობაში უამრავჯერ მითქვამს ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ მსოფლიო ბანკის მიერ იქნება შემოთავაზებული თუ სხვა ვინმეს მიერ, თუკი სისტემა ადგილობრივ სპეციფიკასთან არ არის ადაპტირებული, ის სათანადო დონეზე არ მუშაობს.
ისიც მსოფლიო ბანკის შემუშავებული იყო, რაც აქამდე მუშაობდა, ქალბატონო ირინა [წაქაძე], სხვას კი არ შეუმუშავებია და ჩვენ კი არ მოგვიგონებია. ვითხოვთ იმას, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სანამ პილოტირება დაიწყება, სანამ სისტემა ჩაეშვება და ძალაში შევა, ჩვენი სპეციფიკა გავითვალისწინოთ. ამ პროცესში მონაწილეობა იდეაფიქსი კი არ არის, ეს დამატებითი და ძალიან მძიმე შრომაა, რომელმაც შეიძლება მაინცდამაინც სახარბიელო შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ეს სფერო კრიტიკას ვერ უძლებს. სოციალურ სტატუსზეა დამოკიდებული ყველა ის ცენტრალური თუ თვითმმართველობის სახელმწიფო სარგებელი, რომელსაც სოციალურად შეჭირვებული ადამიანები იღებენ, ამიტომ სტატუსის სისწორე და სამართლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზავრადაშვილმა.
























