მთავრობა ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას კიდევ ერთხელ აანონსებს - კანონპროექტი, რომელიც წლების წინ მომზადდა მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის 2026 წლის მოკლევადიან გეგმაში მოხვდა.
„ეს სოციალური ტვირთი კი არა, რისკების მართვის სწორი პოლიტიკაა“ - ასე აფასებს კომპანია „ვაიზერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სოფო ლებანიძე ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღებას.
სოფო ლებანიძის განცხადებით, რეფორმა დაბალი პენეტრაციის პრობლემას აღმოფხვრის და მოქალაქეებს ფინანსური ზარალის საკუთარ თავზე აღებისგან დაიცავს.
„ტექნიკური დისკუსიები არაერთხელ დავიწყეთ და განვიხილეთ, თუმცა პროცესი საბოლოო დაგვირგვინების ფაზაში ჯერ არ გადასულა. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით, ძალიან დასაფასებელია. ჩვენ მივესალმებით საკითხის აქტუალიზაციას და რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ მას.
ზოგადად, ამ კანონპროექტის მიმართ არსებობს მცდარი დამოკიდებულება, თითქოს დაზღვევის ეს სახეობა მოქალაქეებისთვის სოციალური ტვირთი იქნება. სინამდვილეში, ეს სოციალური ტვირთი კი არა, რისკების მართვის სწორი სტრატეგია და პოლიტიკაა, რომელიც სახელმწიფომ და კერძო ბიზნესმა ერთად უნდა მართონ. ამით, პირიქით, ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს სადაზღვევო ინდუსტრიის სისტემაში ვაქცევთ, ნაცვლად იმისა, რომ ეს დანაკარგები და ზარალები ინდივიდებმა საკუთარ შინამეურნეობებზე გადაიტანონ.
ავტოდაზღვევის პენეტრაცია ამ ეტაპზე ძალიან დაბალია. რაც უფრო მცირეა სადაზღვევო სფეროს მოცვა, მით უფრო იზრდება რისკის დადგომის სიხშირე და სიმძიმე.
თუ ამოქმედდება სავალდებულო დაზღვევა, რომელიც მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის რისკებს დააზღვევს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მფლობელები რისკების სხვა კომპონენტებსაც შეიძენენ. შედეგად, პენეტრაცია გაიზრდება და, თუ ერთიან კალათას შევხედავთ, სადაზღვევო რისკის ნაწილში ის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ვიდრე დღეს არის“, - აცხადებს კომპანია „ვაიზერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოფო ლებანიძე.




























