ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასის განცხადებით, დიპლომატების მოსმენა საქართველოსგან მიუღებელია. ამის შესახებ გამოცემა DELFI წერს.
გამოცემის ცნობით, ესტონეთსა და საქართველოს შორის კავშირები კარგია. ეს გუშინდელ შეხვედრაზეც დადასტურდა, რომელიც ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში კალასსა და ღარიბაშვილს შორის შედგა. პრესის ცნობით, შეხვედრა საკმაოდ თბილ გარემოში გაიმართა, თუმცა, შემდეგ ესტონეთის პრემიერმა აღიარა, რომ რთულ საკითხებზეც ისაუბრეს, კერძოდ, საქართველოში შეფერხებულ რეფორმებსა და შემოდგომაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვითაც საქართველოში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს ფარულად უსმენდნენ.
„მე ვთქვი, რომ სრულიად მიუღებელია ის, რომ ჩვენ გვისმენენ. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, ჩვენ თქვენს ზურგს უკან ცუდს არაფერს ვამბობთ“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ მინისტრმა.
„მე მას ვუთხარი, გვინდა მხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ, მაგრამ გაგვიადვილეთ ეს, გაატარეთ სასამართლო რეფორმები, შეეცადეთ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების გადალახვას-მეთქი“, - დასძინა მან.