მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს უნდა მოხდეს ახლა", - გიორგი ქობულია პარლამენტში მისვლის მზაობას კიდევ ერთხელ გამოხატავს

5cd0040d05aff
თელარა გელანტია
06.05.19 13:52
1284
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მზადაა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მივიდეს და დეპუატატებს ანგარიში ჩააბაროს.

ამის შესახებ ქობულიამ bm.ge-ის განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ გადაცემა „Forbes კვირაში“ გიორგი ისაკაძისთვის მიცემულ ინტერვიუში წამყვანის ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ის მზადაა, პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგეს.

დღეს კი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პარლამენტში გიორგი ქობულიას მოწვევის ინიციატივით გამოვიდა, რასაც თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დაეთანხმა.

Bm.ge კომენტარისთვის ყოფილ მინისტრსაც დაუკავშირდა. გიორგი ქობულიამ პარლამენტში მისვლის მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„თუ ოფიციალური მსვლელობა მიეცემა და მე გამომიძახა პარლამენტმა, რომ შენ გიორგი ქობულია იყავი აქ 8 თვე მინისტრი და წახვედი ისე, რომ ჩვენ ვერ გავიგეთ რატომ წახვედი და მოდი, ერთი მოგვიყევი, რა გააკეთე და რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მგონი, ეს ბუნებრივია. ბუნებრივია კი არა, მართალი გითხრათ, გასაკვირია, რომ ეს არ მოხდა, როცა ახალი კონსტიტუციით პარლამენტის უფლებამოსილება გაზრდილია, ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, მთავრობა არის პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე და ამ დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამინისტროს ხელმძღვანელი ტოვებს თავის პოზიციას გაურკვეველ პირობებში და პარლამენტი არც ინტერესდება, რა გააკეთა ამ კაცმა, რატომ მოვიდა და საერთოდ რა ხდება. ეს არაა გასაკვირი? ცოტა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემაც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა... თუ მე დამიძახეს, მე მორალურად და ხალხის წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობ, მივიდე“, - განაცხადა ქობულიამ bm.ge-თან და დასძინა, რომ „ეს უნდა მოხდეს ახლა“.

„მე გეგმები ხომ წარვუდგინე მათ და ამის მიხედვითაც შეუძლიათ დამისვან კითხვები - აბა, რა გავაკეთე, რა კეთდებოდა და ა.შ. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ახლა. ეს თუ მოხდა ერთ ან ორ თვეში, უკვე აზრი არ აქვს, იმიტომ რომ უკვე დაგვიანებულია ისედაც, რადგან ისედაც სამი კვრა გავიდა, რაც წამოსული ვარ“, - განაცხადა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები