„ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის ცნობით, „ოცნება“ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მისი თქმით, აღნიშნულ ვეტოს არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია თან არ ახლავს და ის, მხოლოდ პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადებაა.
„ამ ვეტოს დაძლევაც მოხდება, რადგან არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და კანონპროექტი არ მოჰყოლია. ეს არის უბრალოდ მისი პოლიტიკური განცხადებები ვეტოს სახით. ამ კანონის მიზანი არის მარტივი რამ, კანონიერი ფული - აქ არანაირ დაფარულ, შავ ან ფულის გარეცხვაზე, საერთოდ საუბარი არ არის, ვერცერთი დასანქცირებული ფული საქართველოს საბანკო სისტემაში ვერ გამოივლის, ეს გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში საუბარია - თანხა, რომელიც არის ოფშორებში, რომელიც არის კანონიერი მფლობელობების ქვეშ, თუ ვინმე საქართველოში შემოიტანს, შემოტანის მომენტში, გადასახადიდან თავისუფლდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამასთან, დეპუტატი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფული, რომელიც საქართველოში ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება, საჯარო უნდა გახდეს.
„ერთი რამ კარგად უნდა ვიცოდეთ, საუბარი არის რეალურად იმაზე, რომ ფული, რომელიც საქართველოში ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება და რაც არის არამართლზომიერი და არაკონსტიტუციური, ეს საჯარო უნდა გახდეს, ასევე ხალხისათვის გასაგები, რათა ადამიანებმა შეაფასონ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბევრს ამაზე დათანხმება უჭირს. თუმცა რამდენჯერმე ითქვა, მათ შორის ევროკავშირის ელჩმაც თქვა, რომ „რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის წინააღმდეგი არა ვართო“, ეს საბოლოო ჯამში, გამოჩნდება არიან თუ არა გამჭვირვალობის წინააღმდეგი“, - აცხადებს უმრავლესობის წარმომადგენელი.