მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ესაა გამაცამტვერებელი მდგომარეობა ჩვენი ბიზნესისთვის", - სხვიტარიძე "ოქროს სიის" გაუქმებაზე

5cf832a8df8a8
თამუნა ქემერტელიძე
06.06.19 09:00
1988
„ეს არის აბსოლუტურად გამაცამტვერებელი მდგომარეობა ჩვენი ბიზნესისთვის და აბსოლუტურად კრიზისული მდგომარეობა“, - ასე აფასებს „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ კორპორატიული და იურიდიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანებას, რომლის თანახმად, ე.წ. ოქროს სია გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.

“სამწუხარო ფაქტს ჰქონდა ადგილი, მხოლოდ 2-3 საათის წინ შევიტყვეთ მინისტრის იმ ბრძანების შესახებ, რომელიც თითქმის ყველა იმპორტიორს ეხება, ვინც იხდის აქციზს, საბაჟო გადასახადს, დღგ-ს... სერიოზულ საგადასახადო ტვირთზეა საუბარი; თუ აქამდე 30-დღიანი ვადა გვქონდა, ახლა 5 დღეში მოგვიწევს ამ გადასახადების გადახდა; ეს განსაკუთრებით ჩვენთვის, თამბაქოს ბიზნესისთვისაა რთული.

ეს არის აბსოლუტურად გამაცამტვერებელი მდგომარეობა ჩვენი ბიზნესისთვის და აბსოლუტურად კრიზისული მდგომარეობა, რადგან ჯერ აქციზი გაზარდეს ისე, რომ არაფერი ვიცოდით და ახლა - ეს. გაყიდვები ისედაც 50%-ით შემცირდა, ხალხი ე.წ. თუთუნის მოხმარებაზე გადავიდა, სადაც აქციზს არავინ იხდის. შემცირებული გაყიდვების პირობებში, როცა იმ 30 დღის ვადაში ვერ ვახერხებთ პროდუქციის რეალიზაციას, ესენი გვეუბნებიან, რომ 5 დღეში გადაგვიხადეთ გადასახადიო - როგორ მოვახდინოთ ეს? სესხით? BAT ფიქრობს სესხის აღებას, ივნისში ხელფასებს ვერ გავცემთ, ამ მდგომარეობამდე კი, რეგულაციების გამო მივედით. ახლა კი, რომელი სესხით დაიფარება თუნდაც ერთი კონკრეტული განბაჟება, რომელიც მინიმუმ 15 მილიონი ლარია? საიდან უნდა მოვიტანოთ 15 მილიონი? ამ რეალობის წინაშე დააყენეს დღეს ბიზნესი. საუბარია, მინერალურ წყლების კომპანიებზე, ნავთობის კომპანიებზე... 50 ათასი ადამიანი მარტო ჩვენს ინდუსტრიაშია დასაქმებული... პირდაპირ გიბიძგებენ იმისკენ, რომ შეამცირო თანამშრომლები, ამოყიდო პროდუქცია და დახურო ბიზნესი“, - აცხადებს bm.ge-ისთან ზვიად სხვიტარიძე.

ცნობისთვის: ვანო მაჭავარიანის უწყებაში აცხადებენ, რომ ცვლილება შეეხება ე.წ. „ოქროს სიის“ წევრ 217 კომპანიას და ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა კომპანია თანაბარ, კონკურენტუნარიან პირობებში აღმოჩნდება, განსაკუთრებით კი - მცირე და საშუალო ბიზნესი.

ამასთან, სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ცვლილებების თაობაზე ბიზნესს შეტყობინებები დაეგზავნა და კერძო სექტორს გონივრული ვადაც მიეცა, თუმცა bm.ge-ისთან საუბარში მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის ვანო მაჭავარიანის ბრძანება „მოულოდნელი საჩუქარია“ და ზოგიერთმა ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ გაიგო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები