ფინანსისტ ლევან სურგულაძის შეფასებით, გასული დღეების განმავლობაში ლარის მკვეთრი გაუფასურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აჟიოტაჟური რეაქციაა.
როგორც სურგულაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, სავარაუდოა, რომ ბაზრის მონაწილეებმა, მათ შორის იმპორტიორებმა უცხოური ვალუტის მომარაგება დაიწყეს, რამაც ლარის კურსზე გავლენა იქონია. ფინანსისტის შეფასებით, ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი მერყეობა მოკლევადიანია და არა ფუნდამენტურ ფაქტორებზე დაფუძნებული.
ამასთან, ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული 60 მლნ დოლარის სავალუტო ინტერვენცია დროული და სწორი იყო
„რაც შეეხება ლარს, ესაა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აჟიოტაჟური რეაქცია. გარკვეულ ადამიანებს გაუჩნდათ მოლოდინი, რომ მოხდება გაუფასურება და შესაბამისად, დოლარის შესყიდვა დაიწყეს. იმპორტიორებმაც იგივე იფიქრეს და უფრო მეტი ვალუტის შესყიდვა დაიწყეს, სპეკულაციური პოზიციის დაკავებაა ეს რეალურად, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება ლარი ძალიან გამყარდეს და ისინი წააგებენ. ეს მოკლევადიანი რყევაა და არაა რაიმე ფუნდამენტურ მაჩვენებელზე დამყარებული. იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა და საბანკო სექტორი ძლიერია. ბაზარზე აჟიოტაჟური მოთხოვნა იყო და ეროვნულ ბანკს ინტერვენციების ბერკეტიც იმიტომ აქვს, რომ ასეთ დროს ჩაერიოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ინტერვენციის განხორციელება აბსოლუტურად დროული და სწორი იყო“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.
ცნობისთვის, ლარმა სწრაფი ტემპით გაუფასურება საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ დაიწყო. 16 მაისს ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდების მიზნით, 2024 წლის პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და 60 მლნ დოლარი გაყიდა.
17 მაისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად კი ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა. კერძოდ, დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7585 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.92 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9910 ლარი გახდა.