საქართველოში აშშ-ის მოქმედ ელჩს, კელი დეგნანს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მის ნაცვლად საქართველოში ელჩად სავარაუდოდ რობინ დინიგანი დაინიშნება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე წარადგინა კანდიდატად. კელი დეგნანი მის შემცვლელს მოუწოდებს, საქართველოში ბევრი იმოგზაუროს.
„არ მინდა ვიფიქრო საქართველოდან წასვლაზე, მართლაც არაჩვეულებრივი გამოცდილება მქონდა აქ და საქართველოს წავიღებ ჩემს სამშობლოში, ჩემს გულში. ჩემი რჩევა ელჩობის კანდიდატის მიმართ იქნება: იმოგზაურე ამ ქვეყანაში, ესაუბრე ხალხს ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანია შეიტყო სხვადასხვა წესების, კულტურის, ქართული სამზარეულოს პრიორიტეტების შესახებ.
მე გავიგე და შევისწავლე ძალიან ბევრი მოგზაურობით და თავად ვიხილე ენერგია, შემოქმედებითობა ამ ხალხში და ძალიან დიდი ერთგულება, რომ განავითარონ თავისი ქვეყანა და წაიყვანონ ევროპისკენ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველგან მეგობარი მყავს და ეს ნამდვილად დამეხმარა, გავიგო, რომ ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ თბილისი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ამ ხალხის ოცნებები ახდეს“, - განაცხადა კელი დეგნანმა "მთავარი არხის" ეთერში.