ესპანური კომპანია „გარდენიის ცენტრი ლა ენსინა-ს ფილიალი“ შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა, მიზეზი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება გახდა. საუბარია, ბათუმის გამწვანების სამსახურთან გაფორმებულ 126 ათას ლარიან ხელშეკრულებაზე, რომლის ფარგლებში კომპანიამ საქონლის სრულად მიწოდება ვერ უზრუნველყო. კომპანიას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ერთი თვის ვადაში ექნება. აღსანიშნავია, რომ „შპს გარდენიის ცენტრი ლა ენსინა-ს ფილიალი“ თბილისის მერიის მსხვილი მიმწოდებელია. კომპანიამ ორიოდე თვის წინ 4,6 მილიონ ლარად შეფასებული ტენდერი მოიგო. ტენდერის ფარგლებში კომპანიამ თბილისის მასშტაბით 19 სახეობის 5900 ერთეული ბუჩქის, 4 სახეობის 1260 ერთეული სუროსა და 12 სახეობის 2650 ხე-მცენარის დარგვა უნდა უზრუნველყოს, მასვე ევალება მცენარეების მოვლა-პატრონობაც.
შპს გარდენიის ცენტრი ლა ენსინა-ს ფილიალი, საქართველოში გასული წლის ივნისშია დარეგისტრირებული და მისი დამფუძნებლად ესპანური კომპანია ,,CENTRO DE JARDINERIA LA ENCINA“-ა ფიქსირდება.