eSports-ის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა, Esports Insider და ქართული მედიაკომპანია, SMH Sports-ი სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებში ერთობლივ გაფართოებას გულისხმობს.
როგორც Esports Insider-ის დამფუძნებელი და დირექტორი, სემ კუკი აღნიშნავს, ქართულ კომპანიასთან პარტნიორობა - რევოლუციური გადაწყვეტილებაა. “SMH Sports-თან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო Esports Insider-ის გუნდს ძალების გაერთიანება და eSports-ის მიმართულებით ამ სიცოცხლით სავსე რეგიონში გაფართოება ძალიან გვახარებს”.
ორ კომპანიას შორის დაწყებულ პარტნიორობას ქართული SMH Global-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ლაშა მაჭავარიანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის - ინოვაციისა და ამბიციურობის იდეალურ ნაზავს წარმოადგენს. “ეს თანამშრომლობა ინოვაციურობისა და ამბიციურობის სიმბოლოა. Sports Global-თან და Esports Insider-თან წარსულში არაერთ პროექტზე მუშაობის გამოცდილება გვქონდა და ახლა, დრო არის ჩვენი სინერგიული ეფექტი არნახულ მასშტაბებამდე გავზარდოთ”.
როგორც კომპანიების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, სტრატეგიული პარტნიორობა ისეთ ქვეყნებს მოიცავს, როგორიცაა საქართველო, უზბეკეთი, ყაზახეთი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. “SMH Global-ის ფართო ქსელისა და Esports Insider-ის ინოვაციური გამოცდილების წყალობით, eSports-ი ამ დინამიკური ქვეყნების კულტურული ქსოვილის ნაწილად გადაიქცევა”, - ვკითხულობთ განცხადებაში.
“მემკვიდრეობის შექმნა გვსურს და არა - ნაკვალევის დატოვება. ჩვენი მიზანია, აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში eSports-ინდუსტრიაში გარდატეხა შევიტანოთ და ეს თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას, ეს ხედვა - რეალობად ვაქციოთ”, - აღნიშნა ლაშა მაჭავარიანმა, რომელსაც სემ კუკიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ SMH Global-თან პარტნიორობით, ზემოხსენებულ რეგიონებში eSports-ის გამოცდილება რადიკალურად შეიცვლება.