ქართველი დიზაინერების პოპულარობა უკვე დიდი ხანია გასცდა ვიწრო წრეებს და გარდა ადგილობრივი ბაზრისა, მათზე მოთხოვნა საერთაშორისო მასშტაბითაც წლიდან–წლამდე იზრდება. დღეს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველო, მიღმა სხვა უპირატესობებისა, მოდასთანაც ასოცირდება, რაც გარკვეულწილად, ერთ–ერთმა ყველაზე პროდუქტიულმა წყვილმა – დემნა და გურამ გვასალიალიებმა განაპირობა, რომლებიც ბრენდ Balenciaga–ს წამყვანი ფიგურები არიან და მათი ფრანგულ მოდის სახლში მისვლის შემდეგ, კომპანიაში მყისიერად გაიზარდა როგორც გაყიდვების მაჩვენებელი ასევე თავად მისი მოგებაც. თუმცა გვასალიების გარდა, საქართველოს, კიდევ ბევრი ნიჭიერი დიზაინერი ჰყავს. მათი საერთაშორისო მასშტაბზე პოპულარიზაცია კი, მოდის კვირეულმა – Mercedes Benz Fashion Week–მა განაპირობა.
როგორც გამოცემა წერს, აქ სეზონიდან–სეზონამდე იზრდება მასშტაბები, იხვეწება ხარისხი და იკვეთება ნიჭი, რომლითაც საბოლოოდ, მსოფლიო ინტერესდება. ამიტომაც, დედაქალაქი, წელიწადში ორჯერ, ამ ღონისძიებაზე, თავს უყრის ავტორიტეტულ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ფოტოგრაფებსა და ბაიერებს, იმისათვის, რომ გაიცნონ ქართველი დიზაინერები.
შედეგად კი, ხდება ის რომ მათ, სხვა ქვეყნის გამოფენებზე და ჩვენებებზე იწვევენ. მაგალითად, უნდა აღინიშნოს ფლორენციაში გამართული ღონისძიება Pitti Uomo, სადაც ექვსი ქართველი დიზაინერი იყო წარმოდგენილი, მათ შორის Situationist. ეს არის ბრენდი, რომლის შესახებაც ხმებმა ოკეანის მიღმაც მიაღწია და ირაკლი რუსაძის მიერ შექმნილ ტანისამოსს, არაერთი ცნობილი ამერიკელი ატარებს, ბრენდის შესახებ კი ისეთი გამოცემები საუბრობენ, როგორებიც არის მაგალითად ვოგი და ელე.
მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოხვდა ასევე ბრენდი ვასკა და მისი დამფუნძებელი ვასილ ტაბატაძეც, რომლის ნამუშევრები ძირითადად ვინტაჟურ–იაპონური სტილის, იშვიათი მასალისგან მზადდება და აქვს როგორც ქალბატონების ასევე მამაკაცების ხაზი.
კიდევ ერთი დიზაინერი გოლა დამიანეა, რომელიც ერთ სტილში აერთანებს ვიქტორიანულ ეპოქასა და სპორტულ ელემენტებს, ამიტომაც მისი კოლექციები გენდერული ნიშნის მიხედვით არ განსხვავდება.
რიგით მეხუთე ქართველი დიზაინერი, რომელიც ფლორენციაში გამოფენაზე კოლექცია წარმოადგინა, ტატუნა ნიკოლეიშვილია, რომლის ტანისამოსში მთავარ როლს მინიმალიზმი თამაშობს. „ინტელექტუალური მოდა“ ასე მოიხსენიებს მედია ტატუნას ნამუშევრებს, მას კი ქართველ ფიბი ფაილოსაც ეძახიან.
და ბოლოს, წარმატებულ დიზაინერებს შორის დასახელდა ანუკა ქებურიაც, რომელმაც დარგში საკუთარი თავის რეალიზება, დასაწყისში, ფეხსაცმლისა და აქსესუარების წარმოებით დაიწყო, დღეს კი, მისი სახელი და გვარის ქვეშ, გარდა ფეხსაცმლისა და აქსესუარებისა ტანსაცმელიც ერთიანდება. ხოლო ძირითადი კოლექცია შავ ფერშია გადაწყვეტილი და თითოეული ნივთი ხელით მზადდება.

























