მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Estee Lauder-ი Jean Paul Gaultier-ს მფლობელ სილამაზის ჯგუფ Puig-თან შერწყმას განიხილავს

jpg

Estee Lauder-მა და ესპანურმა სილამაზის ჯგუფმა Puig-მა დაადასტურეს, რომ პოტენციური შერწყმის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ეს გარიგება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და გავლენიან სილამაზისა და პარფიუმერიის ჯგუფს შექმნის, რომლის ღირებულებაც, სავარაუდოდ, 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

გაერთიანებული კომპანიის ქოლგის ქვეშ მოექცევა ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Tom Ford, Carolina Herrera, Rabanne, Clinique, Jean Paul Gaultier, Charlotte Tilbury, Byredo და სხვა.

Reuters-ის თანახმად, ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება არ არსებობს: ორივე კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული და არ არსებობს გარანტია, რომ გარიგება შედგება.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით კი, განიხილება როგორც ნაღდი ფულით, ისე აქციებით ანგარიშსწორების ვარიანტები.

ინვესტორები სიახლეს სიფრთხილით შეხვდნენ. Estee Lauder-ის აქციების ფასი 7%-ზე მეტით დაეცა, რაც ანალიტიკოსების თქმით, ნაწილობრივ იმითაა გამოწვეული, რომ კომპანია უკვე რთულ ფინანსურ პერიოდს გადის და მსგავსი მასშტაბის შერწყმამ შესაძლოა დამატებითი რისკები შექმნას. მეორე მხრივ, Puig-ის აქციების ფასი 15%-ით გაიზარდა.

ეს ნაბიჯი პირდაპირ პასუხად აღიქმება L'Oreal-ის მიერ Gucci-ის მფლობელი Kering-ის სილამაზის განყოფილების 4.7 მილიარდ დოლარად შეძენაზე. გაერთიანებული Estee Lauder და Puig ბევრად უფრო ძლიერი კონკურენტი გახდება გლობალური პარფიუმერიის ბაზარზე, სადაც L'Oreal და LVMH დომინირებენ.

Estee Lauder-ს უფრო ძლიერი პოზიციები აქვს კანის მოვლისა და მაკიაჟის მიმართულებით, თუმცა პარფიუმერიაში (რომელიც სწრაფად მზარდი სეგმენტია, განსაკუთრებით Gen Z-ის მომხმარებლებში) გარკვეულ ჩამორჩენას განიცდის. Puig-ის პორტფოლიოს დიდი ნაწილი სწორედ პრემიუმ სუნამოებზე მოდის, რაც ამ დანაკლისს აანაზღაურებს.

ორივე კომპანია ბოლო პერიოდში სირთულეების წინაშეა. Estee Lauder ებრძვის გაყიდვების ვარდნას აშშ-ის ბაზარზე, ხოლო Puig-მაც განაცხადა, რომ პარფიუმერიაზე პანდემიის შემდგომი სწრაფი ზრდის ტემპი შენელდა. ერთობლივი ძალისხმევით მათ შესაძლოა უკეთ შეძლონ გამოწვევებთან გამკლავება, თუმცა რისკებიც მაღალია.

თუ ეს გარიგება შედგა, ის სილამაზის ინდუსტრიაში უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები