კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქტების მწარმოებელმა Estee Lauder-მა კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში Walmart-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კოსმეტიკური გიგანტი სავაჭრო ქსელს Estee Lauder-ის სუნამოებისა და თავის მოვლის ბრენდების (მათ შორის Clinique, Tom Ford და Le Labo) ყალბი ანალოგების გაყიდვაში ადანაშაულებს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ Walmart-მა თავისი ვებსაიტის მეშვეობით გაყიდა ფალსიფიცირებული პროდუქტები, რომლებსაც Tom Ford-ისა და Le Labo-ს სუნამოების, Clinique-ისა და La Mer-ის კანის მოვლის კრემებისა და Aveda-ს თმის ჯაგრისების იდენტური ბრენდირება ჰქონდა.
კოსმეტიკური კომპანია განუსაზღვრელი ოდენობის ფულად კომპენსაციას და სასამართლო განკარგულებას ითხოვს, რომელიც Walmart-ს სავარაუდო ყალბი პროდუქციის გაყიდვას აუკრძალავს.
Walmart-ის წარმომადგენლებს კომენტარის მოთხოვნაზე მყისიერი პასუხი არ გაუციათ. კომენტარზე უარი თქვეს Estee Lauder-ის წარმომადგენლებმა და ადვოკატებმაც.
ნიუ-იორკში დაფუძნებული Estee Lauder-ის პარფიუმერიის ბიზნესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც Gen Z თაობის წარმომადგენლებში მოთხოვნის ზრდა შეინიშნება ისეთ ბრენდებზე, როგორებიც Le Labo და Tom Ford-ია.
სარჩელში ნათქვამია, რომ Walmart "ძალიან ცოტას აკეთებს იმის უზრუნველყოფისთვის, რომ მის ვებსაიტზე მხოლოდ ავტორიზებული და ორიგინალი პროდუქტები იყოს ხელმისაწვდომი", რამაც ყალბი ნაწარმის გაყიდვა და, სავარაუდოდ, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა გამოიწვია.
ამავდროულად, ელექტრონული კომერციის პლატფორმის გაფართოება დაეხმარა Walmart-ს, გამხდარიყო პირველი საცალო მოვაჭრე, რომლის საბაზრო ღირებულებამაც ამ თვის დასაწყისში 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
Estee Lauder-ის საჩივარი Walmart-ის წინააღმდეგ მოიცავს ბრალდებებს სასაქონლო ნიშნის დარღვევის, ფალსიფიკაციისა და სავარაუდო ყალბი პროდუქციის წარმომავლობის არასწორად მითითების შესახებ.




























