მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ესთეტიკური მედიცინის ბაზარი არ არის დარეგულირებული" - როგორ უნდა შევარჩიოთ სპეციალისტი სწორად?

ესთეტიკური მედიცინა

საქართველოში ესთეტიკური მედიცინის დარგი სტაბილური ზრდის ტენდენციით გამოირჩევა, თუმცა ზრდას გამოწვევებიც ახლავს - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში ესთეტიკური ცენტრი "ანტურაჟის" დამფუძნებელმა, ბაია კონდრატიევამ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა რეგულაციებისა და სტანდარტების არარსებობა.

"ზოგადად დარგი ძალიან სწრაფად მზარდია; მედიცინის სხვა დარგებს რომ შევადაროთ, ერთ-ერთი მოწინავეა. აქ ალბათ ორი ფაქტორია განმსაზღვრელი: ერთი, ძალიან მაღალი მოთხოვნა ბაზარზე და მეორე, ფინანსურად და მარკეტინგულად ძალიან მოგებიანი დარგიც გახლავთ. ეს ორი ფაქტორი განაპირობებს, რომ დარგი ძალიან სწრაფად იცვლება, ვითარდება და მუდმივად თუ არ გაქვს პულსზე ხელი, შეიძლება ძალიან მარტივად ჩამორჩე.

თუმცა როდესაც დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება, გამოწვევებიც ძალიან ბევრია. მაგალითად, რეგულაციებთან მიმართებით ნამდვილად გვაქვს პრობლემები, რადგანა არ არის კომპეტენცია განსაზღვრული, თუ მედიცინის რომელი დარგის რომელმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს ესა თუ ის პროცედურა. შესაბამისად, არ გვაქვს სტანდარტი, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა. ბევრი ადგილი და დაწესებულებაა, რომელიც უკონტროლოდ ასწავლის და ზრდის დარგის სპეციალისტს, რომელსაც შეიძლება, არ ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია.", - ამბობს ბაია კონდრატიევა.

"ანტურაჟის" დამფუძნებელი BMG-ის ეთერში იმ რეკომენდაციებსაც აზიარებს, რომლებიც მსურველებს ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტის შერჩევაში დაეხმარებათ. როგორც ის აღნიშნავს, მოქმედია ონლაინპორტალიც, სადაც სერტიფიცირებული სპეციალისტების ნაწილია თავმოყრილი.

"ეს ყველაფერი ძალიან გართულდა, რადგან დღეს სოციალურ ქსელებში ყველას შეუძლია თვითრეკლამა და უწოდოს თავის თავს ექიმი. შესაბამისად, მომხმარებელი ამ დროს იბნევა. მე ერთი რჩევა მექნებოდა, რომ ნამდვილად არ არის უხერხული ან სირცხვილის მომგვრელი, რომ ექიმთან როდესაც მივდივართ, ვკითხოთ მას კომპეტენციის შესახებ, მოვითხოვოთ მისი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ. ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ამ მხრივ საქართველოს ესთეტიკური ასოციაცია (GAIA) - შევქმენით პორტალი, სადაც ყველა ჩვენი სპეციალისტის განათლება და შესაბამისი კვალიფიკაცია არის მოცემული", - ამბობს ბაია კონდრატიევა.

დარგის პოტენციალზე საუბრისას ექიმი-კოსმეტოლოგი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბევრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მოიძებნება, რაც ესთეტიკური მედიცინის განვითარებას უწყობს ხელს.

"ამ სფეროში ძალიან კარგი კვალიფიკაციის კადრები გვყავს. უბრალოდ ვფიქრობ, კიდევ და კიდევ რომ განვითარდეს და მივიღოთ სრულყოფილი სფერო, გვჭირდება ძალიან კარგი რეგულაცია, ძალიან კარგი სტანდარტები. ყველაფერს სჭირდება პროტოკოლი, რა როგორ უნდა გაკეთდეს. უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ადამიანის სილამაზეს, ჯანმრთელობას, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს თითოეულ ჩვენგანს", - ამბობს "ანტურაჟის" დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები