შოკოლადის მწარმოებელი ბრენდის "ეთიას შოკოლადი" დამფუძნებელი ეთო გილიგაშვილი აცხადებს, რომ გაძვირებული ნედლეულის ფონზე კომპანია მიმდინარე წელს პროდუქციის ნაწილის გაძვირებას გეგმავს. როგორც მან BM.GE-სთან აღნიშნა, მიუხედავად ხარჯების ზრდისა, ფასები ამ დრომდე უცვლელი ჰქონდა, თუმცა არსებული მდგომარეობა ბიზნესისთვის სულ უფრო რთული ხდება.
მისი თქმით, შოკოლადის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული სრულად იმპორტირებულია და ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძვირდა, განსაკუთრებით ეკვადორიდან შემოტანილი კაკაოს პროდუქტები. შესაბამისად, კომპანიაში განიხილავენ ფასების კორექტირებას: „ჯერჯერობით ფასი არ გაგვიზრდია, თუმცა მიმდინარე წელს ვგეგმავთ გარკვეულ პროდუქციაზე 1-2 ლარით ზრდას, რადგან ნედლეულის ღირებულება საგრძნობლად არის გაზრდილი. ამჟამად ჩვენი პროდუქციის ფასი 4 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს“.
როგორც მეწარმე ამბობს, ამ ეტაპზე ბრენდი ძირითადად კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობს და ჰყავს მუდმივი მომხმარებლები, მათ შორის ისინი, რომლებიც შაქარს არ იღებენ და უშაქრო, 100%-იან შოკოლადს მოიხმარენ. გილიგაშვილის თქმით, მოთხოვნა ბაზარზე არსებობს, თუმცა წარმოების მასშტაბი შეზღუდულია.
„მოთხოვნა არის, თუმცა არა ძალიან დიდი. უფრო შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურად ვმუშაობთ ჩვენს მუდმივ მომხმარებელთან. რა თქმა უნდა, არის გარკვეული პერიოდი, როდესაც მოთხოვნა იზრდება, მაგრამ მიწოდებას სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ, რადგან წარმოებას დამოუკიდებლად ვუძღვები“, - თქვა მან.
მისივე შეფასებით, მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა შემცირებულია, თუმცა სააღდგომო პერიოდში კომპანიამ რამდენიმე კორპორატიული შეკვეთა მაინც მიიღო.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ეთიას შოკოლადი“ ფიზიკურ ობიექტებში შესვლას ჯერ არ განიხილავს და ფოკუსს ახალ პროდუქტზე - ჯანსაღი შოკოლადის კარაქზე აკეთებს, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებზე, მათ შორის ალერგიული მომხმარებელზე არის გათვლილი. პროდუქტი ამჟამად ტესტირების ეტაპზეა და კომპანია მის ონლაინ გაყიდვებს გეგმავს.
ცნობისთვის, 2026 წლის იანვარ-თებერვალში შოკოლადის იმპორტის მოცულობა $16.5 მილიონს და 2,764 ტონას შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდას აჩვენებს. 2025 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტი $12.9 მილიონი და 2,547 ტონა იყო. შესაბამისად, ღირებულებით იმპორტი 28.1%-ით, ხოლო მოცულობით 8.5%-ით გაიზარდა.
მონაცემების მიხედვით, იმპორტის უმსხვილესი წყარო უკრაინაა, საიდანაც საქართველოში $5.1 მილიონი ღირებულების 824 ტონა პროდუქცია შემოვიდა. მეორე ადგილზე რუსეთია - $4.4 მილიონი და 961 ტონა, შემდეგ მოდის პოლონეთი ($1.9 მილიონი, 139 ტონა) და თურქეთი ($1.2 მილიონი, 258 ტონა). მნიშვნელოვან იმპორტიორ ქვეყნებს შორის ასევე არიან გერმანია ($801 ათასი, 48 ტონა), ბელგია ($595 ათასი, 96 ტონა), ხორვატია ($500 ათასი, 112 ტონა), სომხეთი ($387 ათასი, 42 ტონა), აზერბაიჯანი ($234 ათასი, 49 ტონა) და თურქმენეთი ($211 ათასი, 95 ტონა).




























