მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. მსხვილ ბიზნესს კარგს არაფერს ვპირდები... სასათბურე პირობები დამთავრდება - ზურაბ ჯაფარიძე

ზურა ჯაფარიძე

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ე.წ. მსხვილი ბიზნესისთვის სასათბურე პირობები უნდა დასრულდეს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც კოალიციის ეკონომიკურ ხედვებზე ისაუბრა.

მოგების გადასახადის 15%-დან 10%-მდე შემცირება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15-მდე კლება კოალიციის ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთი პუნქტია. 4 ნომრის ქვეშ გაერთიანებული პარტიები იმპორტის გადასახადის შემცირებაზეც თანხმდებიან და ზურა ჯაფარიძეს იმედი აქვს, რომ მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში საგადასახადო ტვირთის შემცირების ინიციატივას სხვა პარტიებიც დაუჭერენ მხარს.

- გადასახადები თუ შემცირდება, ბუნებრივია, ბიზნესებს გაუხარდება, მაგრამ კიდევ როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობის გაძლიერება? დაბალი გადასახადები, ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები და ა.შ. თითქოს მოძველებული გზავნილებია...

- ეს იმიტომ რომ ბოლო 12 წელი ახალი არაფერი გაუკეთებიათ... არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, რომ {ყველას გაუხარდება გადასახადების შემცირება}... გააჩნია რას ვეძახით ბიზნესს - თუ ბიზნესში ვგულისხმობთ იმ ადამიანებს, ვინც მართლა ბიზნესს აკეთებენ, მართლა კონკურენციაში არიან, მათთვის უნდა გაამარტივო ცხოვრება...

- ბიზნესში ვგულისხმობ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიების მიერ გადახდილი გადასახადებით ივსება ბიუჯეტი და შემდეგ ფულს ხარჯავს მთავრობა...

- თუმცა დიდი ნაწილი, როცა ბიზნესს ვახსენებთ ხოლმე, არის ე.წ. მსხვილი ბიზნესი, რომელსაც ბიზნესს ვერ ვუწოდებ...

- ეს არის, ვინც გვყავს...

- მათ ვპირდები იმას, რომ სახელმწიფოსთან ალიანსები ვერ ექნებათ და ვერ იქნებიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში; მოუწევთ სხვებთან კონკურენციაში შესვლა. ე.წ. მსხვილ ბიზნესს კარგს არაფერს ვპირდები...

- ეს მუქარას ხომ არ ჰგავს?

- არავის ვემუქრები, მაგრამ ხომ არიან კლანები?!... ყველა რეგიონში რომ ჩადიხარ კლანს აწყდები, რომელიც როგორც წესი, ბიძინა ივანიშვილის ადგილობრივი ფეოდალების გარშემო შეკრებილი... ისინი იგებენ ყველა ტენდერს და თუ ტენდერს არ მისცემ, მაშინვე გაქრებიან და მოკვდებიან. ამ გზით ბიძინა ივანიშვილი თავის „ტიპებს“ აძლევს ფულს, ისინი ადგილზეც ხარჯავენ ნაწილს - ინფრასტრუქტურას გააკეთებს ან ეკლესიას ააშენებს და ცოტას კიდევ მოიპარავს... ეს ბიზნესი არ არის. დასჯას კი არ ვუპირებ ბიზნესს, უბრალოდ, ფეოდალური წყობა უნდა დასრულდეს. სასათბურე პირობები დამთავრდება. იმ ბიზნესმენებს კი, ვინც მართლა ჯანსაღ კონკურენციაშია, მართლა წვალობენ, ვპირდები, გაცილებით უკეთეს პირობებში იქნებიან, გაცილებით ნაკლები წნეხი იქნება სახელმწიფოსგან, არა მხოლოდ გადასახადების შემცირების ხარჯზე, არამედ რეგულირების წნეხიც, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები