დღეს, 4 სექტემბერს, „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარეს, გიორგი მშვენიერაძეს ე.წ. პირბადეების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხავენ. გამოკითხვა 5:50 საათზე დაიწყო.
"დემოკრატიის მცველები" იმ 7 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას შორისაა, რომელსაც პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. „გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით“ - ეწერა პროკურატურის მიერ 27 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ დიდ სურათში უნდა დავინახოთ. ავტორიტარული რეჟიმებისთვის ორგანულად მიუღებელია დემოკრატიული ინსტიტუტები. ეს არის მიზეზი, რატომაც ტელეკომპანიები, თავისუფალი მედიები არიან სახელისუფლებო ზეწოლის ქვეშ, ეს არის როგორც ფინანსური მექანიზმებით, ასევე სხვა გზებით. ეს არის მიზეზი, რატომაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები არიან ციხეში გამომწყვდეულები. ეს არის მიზეზი, რატომაც ერთპარტიული მმართველობაა საქართველოში ჩამოყალიბებული და ცხადია, ამ მოცემულობაში სამოქალაქო საზოგადოებაც არის მისთვის პრობლემა.
იმ ფონზე, როდესაც ციხეში არის ძალიან ბევრი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი და სასამართლოები უსჯით მათ პატიმრობებს, როცა ციხეში მზია ამაღლობელი, მაშინ რაღაც დაყადაღება ჩემთვის არ არის მთავარი საკითხი“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ სასამართლოში შესვლამდე.




























