2023 წელს "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით" (TITR ) 2.7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 86%-ით მეტია - მონაცემები ანკარაში, "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის" (შუა დერეფანი) სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს.
შეხვედრაზე, რომელიც 25-26 იანვარს გაიმართა, ცნობილი გახდა, რომ მარშრუტის გეოგრაფია გაფართოვდა. ამ დროისათვის ე.წ შუა დერეფნის მარშრუტში 11 ქვეყანაა წარმოდგენილი, 25 კომპანიით.
შეხვედრაზე დამტკიცდა ასოციაციის საბჭოს ახალი შემადგენლობა, ასევე 2024 წლისთვის TITR მარშრუტის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გეგმა, გაიმართა შეხვედრები ყაზახ და თურქ ტვირთმფლობელებთან.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიის „Middle coridore Multimodal LTD” -ის მმართველობის პირველი საერთო კრებაც გაიმართა. შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანობის საკითხები განიხილეს.