ევროკავშირი 2027 წლიდან რუსული გაზის მოხმარების განულებისთვის ემზადება. მიზეზი უკრაინის ომია, რომელსაც კრემლი ძირითადად ნავთობის და გაზის გაყიდვიდან მიღებული ფულით აფინანსებს.
ბრიუსელში ომისთვის მეტი თუნდაც ირიბი რესურსის მიცემა არ სურთ, თუმცა რამდენად მოახერხებს ევროპა ათწლეულების განმავლობაში გაზის მთავარი მიმწოდებელი სრულად ჩაანაცვლოს რთულად სათქმელია. მით უფრო რომ ნავთობისგან განსხვავებით, ბუნებრივი აირის მსოფლიო ბაზარი რუსეთზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. უპასუხოა კითხვა გაზის რა ალტერნატიულ წყაროებს მიიღებს ევროპა და რა ფასად.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას აქტიურად ცდილობს. პროცესს ხელი რუსეთის გადაწყვეტილებამაც შეუწყო, რომელმაც ევროპის უდიდეს ეკონომიკას და მთავარ მომხმარებელს, გერმანიის გაზის მიწოდება თავად შეუწყვიტა. Nord Stream-ის გაჩერებით, ევროპაში რუსული ბუნებრივი გაზის ნაკადები შემცირდა. Nord Stream 2-ს რომელსაც გერმანიაში რუსული გაზის მიწოდება უნდა გაეორმაგებინა საერთოდ არ ამუშავდა.
2022 წლამდე რუსეთი ევროპის გაზმომარაგების 40%-ს უზრუნველყოფდა. თუ 2021 წელს ევროკავშირი რუსეთიდან 150 მლრდ მ3 გაზს ყიდულობდა 2024 წელს მიწოდება 52 მილიარდ მ3-მდე არის შემცირებული. ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ ახალ რეალობაში, რაც ევროპისთვის ომმა დააყენა, გაზის მთავარი მიმწოდებელი ნორვეგია და აშშ გახდა.
გაზის იმპორტი ევროკავშირში (2024 წელი):
- ნორვეგია - 91 მლრდ მ3;
- რუსეთი - 52 მლრდ მ3;
- აშშ - 45 მლრდ მ3;
- ალჟირი - 39 მლრდ მ3;
- სხვა ქვეყნები - 46 მლრდ მ3;
ევროკავშირი აზერბაიჯანულ გაზს საქართველოს გავლითაც იღებს. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს აზერბაიჯანმა ევროპას ჯამში 12.8 მლრდ მ3 გაზი მიაწოდა.
ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომ 2027 წლიდან რუსული გაზის იმპორტი შეწყვიტონ ტრადიციულად რუსულ ენერგიაზე ჯერ კიდეც მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყნები უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან.
უნგრეთმა ევროპულ სასამართლოს ევროკავშირის გადაწყვეტილების გაუქმებისთვისაც მიმართა. ეს პროცესი შეიძლება 2 წლამდე გაიწელოს, თუმცა ამ დროში ჯერ თავად ორბანის ხელისუფლებაში დარჩენის საკითხი უნდა გაირკვეს. უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებია.
რუსული გაზის მოხმარების 100% -ით აკრძალვა გაერთიანების წევრებისთვის ეტაპობრივად მოხდება. რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტი სრულად 2027 წლის დასაწყისიდან აიკრძალება, ხოლო მილსადენებით გაზის მიწოდება - 2027 წლის შემოდგომიდან. 2026 წლის მარტისთვის ევროკავშირის ქვეყნებმა გაზის მიწოდების წყაროთა დივერსიფიკაციის შესახებ ეროვნული გეგმები უნდა მოამზადონ.
შეძლებს ევროპა ორ წელში რუსული გაზი სრულად ჩაანაცვლოს, ეს კითხვა ენერგეტიკოს არჩილ მამათელაშვილს დავუსვით.
"ვფიქრობ, რომ რეალურია მომავალში LNG-ით ევროპამ დარჩენილი რაც არის 12-14% ჩაანაცვლოს 1.5-2 წელში. ბუნებრივი გაზის ნაკლებობა არ არის. ევროპას გაზსაცავების ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა აქვს. ის რისკები, რაც რუსული გაზის მიღებას ახლავს თან ბევრად უფრო ძვირიანი და რისკიანია, ვიდრე ის, რომ LNG-ის დამატებითი ტერმინალი ააშენო ან ახალი კონტრაქტი გააფორმო", - ამბობს მამათელაშვილი.
უკრაინის ომის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ათეული პაკეტი მიიღო, თუმცა რუსული გაზის სანქცირება ნავთობისგან განსხვავებით, მაინც რთულ საკითხად რჩებოდა. 2024 წლის ივნისში სანქციების მე-14 პაკეტში რუსული გაზი პირველად მოხვდა. იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსული გათხევადებული გაზის [LNG] სხვა გემზე გადატვირთვა. ეს ნიშნავდა, რომ მხოლოდ რეექსპორტი აიკრძალა, რადგან LNG-ის ყიდვა ევროკავშირს არ შეუწყვეტია.
გათხევადებული ბუნებრივი აირის ყიდვით აშშ-დან, ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება შეძლო. მეორეს მხრივ, LNG-ზე მსოფლიოში მოთხოვნა გაიზარდა, რადგან მისი მსხვილი მომხმარებელი ევროკავშირიც გახდა,
კრემლის განცხადებების მიუხედავად, რომ გაზის ემბარგოთი ევროპა უფრო დაზარალდება, რეალურად Gazprom-ც ზარალდება და 2023 წელს რუსული ენერგოგიგანტი ზარალზეც გავიდა.
ახალ რეალობაში რუსეთი ჩინეთს ალტერნატივად განიხილავს, თუმცა უშედეგოდ. ჩინეთი ევროპის ბაზარს რუსეთს რამდენიმე მიზეზით ვერ ჩაუნაცვლებს. პირველი, დღეის მდგომარეობით რუსეთს ჩინეთთან ერთადერთი გაზსადენი აკავშირებს, რომლის გამტარუნარიანობა მხოლოდ 38 მლრდ მ3-ია. ასევე ჩინეთს არ აქვს გაზის იმპორტზე ევროპის მსგავსი მოთხოვნა და არც იმდენს გადაიხდის რუსულ გაზში, რასაც ევროპელები უხდიდნენ. პოლიტიკური შანტაჟი, რისთვისაც ვლადიმერ პუტინი გაზს აქტიურად იყენებდა ევროკავშირის წინააღმდეგ, ჩინეთის შემთხვევაში გამორიცხულია. ამიტომ Gazprom-ის ისღა დარჩენია თავი მხოლოდ ჩინეთში შარშან ექსპორტირებული 38 მილიარდი მ3-ით მოიწონოს, რაც შეუდარებლად მცირეა იმასთან შედარებით, რასაც ევროპაში გაყიდდა.
როგორც ჩანს, ევროპაშიც ისწავლეს "რუსული გაკვეთილები". ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა დენ იორგენსენმა თქვა, რომ ევროპას აღარ უნდა ვინმეზე დამოკიდებული იყოს, მათ შორის არც ამერიკაზე.
“ჩვენ აღარ გვინდა რუსეთიდან ენერგიის იმპორტი. ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ იმპორტი შეაჩეროს. აღარასდროს მივცემთ ვინმეს უფლებას დაგვაშანტაჟოს და ენერგია იარაღად გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ ან არაპირდაპირ დავაფინანსოთ პუტინის ომი. ეს არის ნომერ პირველი. მეორე რა თქმა უნდა არის ის, რომ მიუხედავად დიდი განსხვავებისა რუსეთსა და ამერიკას შორის , აშშ ჩვენი მტერი არ არის, არ გვინდა რამე უთანხმოება ტარიფებთან თუ ვაჭრობასთან დაკავშირებული გვქონდეს ამერიკასთან. მიუხედავად იმისა, რომ ამის ალბათობა დაბალია. ზოგადად, ევროპისთვის კარგი არ არის ვინმეზე იყოს დამოკიდებული", - განაცხადა მან DW-თან ინტერვიუში.
თუმცა ევროპისთვის გამოწვევად რჩება LNG-ის როგორც ფასი, ისე მიწოდების საკითხი. გათხევადებული გაზის მთავარი მიმწოდებელი ევროპისთვის აშშ-ია, რომლის ახალი ადმინისტრაციისთვისაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა მიმზიდველი აღარ არის. ტარიფების გარდა, ტრამპისთვის ევროპასთან დაპირისპირების საგანი გრელანდიაც გახდა. არადა 2025 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ აშშ LNG-ის მთავარი მიმწოდებელია, მეორე ადგილზე 14%-იანი წილით რუსეთი ხვდება. თუ ევროპა რუსულ იმპორტს მართლაც სრულად აკრძალავს, მაშინ დონალდ ტრამპის პროტქციონისტურ სავაჭრო პოლიტიკასთან გამკლავება მოუწევს, რომელიც ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტით ისედაც უკმაყოფილოა.




























