9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ევროკომისიის 12 პუნქტის პირობის შესრულების მეხუთე ანგარიში წარადგინა. სტატუსმეტრი 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდს აფასებს.
ანგარიშის მიხედვით, მოცემულ პერიოდში სრულად ერთი, მეტწილად ორი, ნაწილობრივ კი შვიდი პირობაა შესრულებული. ორი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია.
სრულად შესრულებულია:
პრიორიტეტი N11, ECHR -ის გადაწყვეტილებების პროაქტიური გათვალისწინება.
მეტწილად შესრულებულია:
პრიორიტეტი N 6, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნულ პუნქტში გარკვეული გამოწვევები კვლავ რჩება, რომლებზეც მმართველ გუნდს არ უმუშავია.
პრიორიტეტი N9: გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ, ევროკომისია აღნიშნულ პრიორიტეტს სრულად შესრულებულად თვლის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ კანონში კონკრეტული ხარვეზებია.
ნაწილობრივ შესრულებულია:
პრიორიტეტი N 2: საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები.
ანგარიშის მიხედვით, კვლევის ავტორები აღნიშნული პრიორიტეტის შესასრულებლად გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმებიან, თუმცა საარჩევნო კოდექსში ბოლოს შესული ცვლილებები საფრთხედ მიაჩნიათ.
პრიორიტეტი N3: დამოუკიდებელი სასამართლო.
სტატუსმეტრის მიხედვით, სასამართლო რეფორმის პროცესში კვლავ გამოწვევაა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება და ე.წ. სასამართლო კლანი.
პრიორიტეტი N4: ანტიკორუფციული ზომები.
მეოთხე პუნქტის შესრულების პროცესშიც რამდენიმე შენიშვნა არსებობს, მათ შორის,
ახალშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო ფუნქციები არ აქვს; კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება კვლავ სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოს ხელშია, რაც ეწინააღმდეგება ყველა საკვანძო ანტი კორუფციული ფუნქციის ერთ ორგანოში თავმოყრის მოთხოვნას.
პრიორიტეტი N7: მედია.
სტატუსმეტრში მითითებულია, რომ მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით. მედიის მხრივ გაუმჯობესება ნიკა გვარამიას შეწყალებამ გამოიწვია.
პრიორიტეტი N8: მოწყვლადი ჯგუფები
ანგარიშის მიხედვით, ამ შემთხვევაში მთავარი გამოწვევა არის ის, რომ LGBTQI+ ჯგუფის უფლებების დაცვა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გაქრა. უფლებათა 2022-2030 ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტიდან მთავრობამ საერთოდ ამოიღო მათი უფლებრივი მდგომარეობის საკითხი.
პრიორიტეტი N10: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა
სამოქალაქო საზოგადოების აზრით, სასამართლოს რეფორმის, ანტიკორუფციული ზომების, დემოკრატიული ზედამხედველობის და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ მათი რეკომენდაციების უმეტესობა არ იქნა გათვალისწინებული
პრიორიტეტი N12: დამოუკიდებელი სახალხო დამცველი
აღსანიშნავია, რომ მე-12 პუნქტსაც ევროკომისია შესრულებულად აფასებს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, სახალხო დამცველის მიერ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის ჩვენება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება გამოწვევაა.
შესასრულებელია:
პრიორიტეტი N1: დეპოლარიზაცია და პრიორიტეტი N5: დეოლიგარქიზაცია.