მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EU-ის საპირისპიროდ მიდიოდე და თან ამბობდე, EU-ში მივდივარო, ეს პოლიტიკური შიზოფრენიაა“ - ინტერვიუ

გია ნოდია

პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ინტერესი ხელისუფლებაში დარჩენაა. „ევროკავშირის საპირისპიროდ მიდიოდე და თან ამბობდე, EU-ში მივდივარო, ეს პოლიტიკური შიზოფრენია“ - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას მმართველი პარტიის ანტიდასავლური პოლიტიკის და ქმედებების შეფასებისას.

- სად მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ საქართველო?

- „ქართული ოცნება“ სინამდვილეში არის ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენები კი, უბრალოდ ასისტენტები არიან. არ მგონია, მან საერთოდ იცოდეს, რას აკეთებს და სად მიჰყავს ქვეყანა. მისი ერთადერთი ინტერესია, დარჩეს ხელისუფლებაში. ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ძალიან ეშმაკია და ჭკვიანია, აქვს სამოქმედო სტრატეგია და ხედვა, თუმცა აშკარაა, გახლართულია წინააღმდეგობებში. ყველაზე მთავარი წინააღმდეგობა არის ის, რომ მთელი თავისი პოლიტიკით ზურგი შეაქცია დასავლეთს - ევროპასაც და აშშ-საც და ქვეყანა მიჰყავს საპირისპირო მიმართულებით, რომელიც არის რუსეთის მიმართულება, რადგან სხვა არ არსებობს, მაგრამ ამის თქმა არ უნდა. არც იმის თქმა უნდა, რომ დასავლეთს შორდება ანუ ევროპისგან საპირისპირო მიმართულებით მიდის, მაგრამ თან ამბობს ევროპისკენ მივდივარო. ეს არის პოლიტიკური შიზოფრენია, როცა ორი საპირისპირო მიმართულებით მიდიხარ ერთსა და იმავე დროს. ამ ვითარებაში საღად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა შეეძლოს ამის დაჯერება, რომ „ოცნება“ მართლაც ევროპისკენ მიდის და ეს ხელისუფლება 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს.

- ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით აშორებს საქართველოს ევროპულ გზას, თუ შეიძლება რუსეთის დაკვეთასაც ასრულებდეს?

- მე ვერ ვიტყვი, რა ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილს პუტინთან ან მის გარემოცვასთან, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ მას რაღაც თავისი არხები და თავისი ურთიერთობები აქვს, ამის ირიბი მაჩვენებლები არსებობს; ამავე დროს მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი არაა ერთგული რუსეთის, ის არის საკუთარი ინტერესების ერთგული, მაგრამ ფაქტია, მისი და რუსეთის ინტერესები, ფაქტობრივად, ერთმანეთს ემთხვევა. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა ბოლო 2-3 წელიწადში, თუმცა ჩემი აზრით, 2012 წელსაც, ბიძინა ივანიშვილი იყო საუკეთესო ვარიანტი რუსეთისთვის, ვინც შეიძლება, საქართველოს ხელისუფლებაში ყოფილიყო.

- დიპლომატ გიორგი ბადრიძის აზრით, წლების წინაც რთული ამოსაცნობი არ იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის დასავლური კურსი იყო იმიტაცია. თქვენი აზრით, სტრატეგიულმა პარტნიორები ვერ ამჩნევდნენ თუ გარკვეულწილად თვალს ხუჭავდნენ აქამდე?

- ჩვენგან განსხვავებით, ვინც უფრო სიღრმეში ჩავდივართ და ვამჩნევთ, ისინი უყურებენ ფაქტებს. მათთვის ხელისუფლების დემოკრატიული შეცვლა იქნებოდა ძალიან დიდი პროგრესი. გარდა იმისა, მაშინ ბიძინა ივანიშვილის გარშემო იყვნენ ადამიანები, რომელთაც კარგად იცნობდნენ დასავლეთში და ენდობოდნენ - დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია და ა.შ. ამდენად, ჩვენ შეიძლება რაღაცებს ვამჩნევდით, მაგრამ მაშინ ეს აშკარა არ იყო. ხელისუფლების ოფიციალური რიტორიკა იყო პროდასავლური; ის საკმაოდ თანმიმდევრულად, გარკვეულ ნაბიჯებს დგამდა და რაღაცა ნაკლოვანებები იყო, მაგრამ იდეალური დემოკრატია ხომ საქართველოში არასდროს ყოფილა და თვალს ხუჭავდნენ. დღეს კი, სრულიად ცხადია ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ინტერესები ამოძრავებს, მაგრამ ისიც კარგად ესმის, რომ მისი ინტერესები ემთხვევა რუსეთის ინტერესებს, რადგან თუ საქართველო დასავლური ტიპის დემოკრტიასავით მოიქცევა, ის ნამდვილად დაკარგავს ხელისუფლებას, რუსეთი კი მას პირიქით - მოეფერება, როგორც არ უნდა ავტორიტარულად მოიქცეს, რადგან რუსეთის ინტერესშია ის დარჩეს, დასავლეთს კი უნდა - წავიდეს. ამდენად, ბიძინა ივანიშვილის მეგობარი რუსეთია.

- საარჩევნო წელს „რუსული კანონის“ მიღება სწორი ნაბიჯი იყო, ვიცით რა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება ევროინტეგრაციაა...

- იცით, კიდევ ერთი უცნაურობა, „ქართული ოცნების“ ქცევის არის არა მხოლოდ ის, რომ ერთს ამბობს და საპირისპიროს აკეთებს, არამედ ხშირად რასაც ის აკეთებს, არ მუშაობს მისი რეალური მიზნისთვის - ხელისუფლებაში დარჩენისთვის. იგივე „რუსულმა კანონმა“, შეიძლება ითქვას, ახალგაზრდობა, რომელიც აქამდე არჩევნებში მონაწილეობაზე ასე მოწადინებული არ იყო, გამოაფხიზლა და ეს ივანიშვილისთვის კარგი არაა. მეორე მხრივ, რაღაცისთვის ხომ მიიღეს „რუსული კანონი?“ - არჩევნებამდე დაეწყოთ რეპრესიები, დაერტყათ დამოუკიდებელი მედიისთვის და არასამთავორბო ორგანიზაციებისთვის და ა.შ მაგრამ არაფერი გააკეთეს. პირიქით, მეორე მხრიდან - ანტიკორუფციურლი ბიუროს სახელით შემოუარეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და შემდეგ ისევ უკან დაიხიეს. ან რატომ დაარტყეს ან რატომ დაიხიეს უკან?! ძალიან ძნელია ეს გაიგო. გაუგებარ რაღაცებს აკეთებენ საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ. სხვა მაგალითებიც არის - ბოდიშის მოხდა ოსებისთვის - რატომ უნდა თქვა წინსაარჩევნოდ ისეთი რაღაც, რაც საზიანოა ან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი რომ მოიფიქრეს, საფუძველს რომ თავი დავანებოთ, არც დრო აქვთ და არც ხმები. ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ რაკი ბიძინა ივანიშვილი ნერვიულობს და აშკარაა რომ ნერვიულობს, გადაწყვიტა, ახალგაზრდები ვერ ქაჩავენ, ვერ არიან მაგრები და მე უნდა ჩავუდგე სათავეშიო; ის არავის ენდობა და მისი გადაწყვეტილებები ხშირად უცნაურია.

- განერვიულებული ადამიანი უფრო მეტ შეცდომას უშვებს?

- დიახ; თან ახლა, არავინ ჰყავს გარშემო ისეთი, ვინც გაუბედავს და ეტყვის: „ეს სისულელეა ბატონო ბიძინა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები