მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ის შემდეგ აშშ - საქართველოში დამზადებული ცხოველების ავეჯი ამერიკაშიც გაიყიდება

5e416fba58902
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.20 19:00
2764
ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ჯორჯიან პროდაქტი“ 2020 წელს ექსპორტის 100%-ით გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე 109 დასახელების პროდუქტი გადის; მიმდინარე წლიდან კი, იგივე ასორტიმენტი ექსპორტზე აშშ-შიც გავა.

"2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებში 14 მლნ დოლარის ღირებულების ცხოველებითვის განკუთვნილი ავეჯი გავიდა და ზრდამ წინა წელთან შედარებით 25% შეადგინა. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში გავდივართ ევროკავშირში; მართალია, ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან, ჩვენ ვინარჩუნებთ ამ მიმართულებას და განვაგრძობთ პროდუქციის გაყიდვას დიდ ბრიტანეთში. 2019 წელს სასიგნალო პარტიები აშშ-ში გავუშვით და თებერვლიდან დაიწყება დიდი პარტიების გატანა. ამერიკაში, წელიწადში 14 მლნ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტს განვახორციელებთ, რაც ჩვენს ექსპორტს 100%-ით გაზრდის“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

კითხვაზე - რამდენად რთულია კონკურენტუნარიან ბაზარზე ოპერირება, დავით ბარდაველიძის თქმით, „5 წელმა დაამტკიცა, რომ ევროპის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი გვაქვს და როგორც ხარისხის სიმბოლო - „Made in Georgia“ ჩამოვყალიბდით".

"ტრადიციულად ეს პროდუქტები მზადდება შორეულ აღმოსავლეთში, ჩვენი პროდუქტი, როგორც ხარისხით ასევე ფასით კონკრეტუნარიანია და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვართ, იმიტომ რომ მოკლე დროში, ძალიან ძნელია, დაიმკვიდრო თავი. ასევე ამერიკის ბაზარი ჩვენი კომპანიისთვის აღმოჩნდა ხელსაყრელი და საინტერესო და იქაც გადავდგით ნაბიჯი“, - განმარტა „ჯორჯიან პროდაქტის" დამფუძნებელმა და დასძინა, რომ სხვა მიმართულებებს არ განიხილავენ, რადგან "ეს ძალიან კონკურენტუნარიანი ბაზარია.

"ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ფასებსა და ხარისხზე. ერთადერთი ბაზარი, რომელზე შესვლასაც განვიხილავთ, იაპონიაა", - აღნიშნა მან. 

კომპანია „ჯორჯიან პროდაქტი“ 2014 წელს შეიქმნა. დამფუძნებლის ინფორმაციით, საწყისი ინვესტიცია 2 მლნ დოლარი იყო. ის „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამის ბენეფიციარია (თანადაფინანსება - 400 000 ლარი). ამჟამად, კომპანიაში 450 ადამიანია დასაქმებული და დღიური წარმადობა 3 000 ერთეულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები