ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას. ორშაბათს, პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე გავხსნით ფუნდამენტურ საკითხებზე კლასტერს, რომელიც გაწევრიანების პროცესის საფუძველს წარმოადგენს.
ის მოიცავს ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია აგებული, კანონის უზენაესობიდან დაწყებული ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით დამთავრებული. ეს არის ორივე ქვეყნის მიერ რეფორმების წინსვლისას გამოვლენილი მონდომების, გამბედაობისა და შრომისმოყვარეობის აღიარება უზარმაზარი გამოწვევების მიუხედავად და სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირის მიერ მშვიდობის, სტაბილურობისა და შესაძლებლობების შეთავაზება შეუდარებელია.
გაფართოება სტრატეგიული არჩევანია.
ჩვენი ერების დაახლოებით, ჩვენ ვაძლიერებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას მთელ ჩვენს კონტინენტზე.
მზარდი გაურკვევლობით აღსავსე სამყაროში, უფრო დიდი ევროკავშირი ჩვენს საერთო ინტერესებშია.
გაფართოება რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უდიდეს წარმატების ისტორიად და ჩვენს საუკეთესო ინვესტიციად ჩვენს საერთო მომავალში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებაში.




























