ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი წავიდნენ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და ძალაში მარტის დასაწყისში შევა.
ამ ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ 13-15 თებერვალს მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაზე ან ვიზით ან სტანდარტული პასპორტით ჩავა. კონფერენცია ვოლფგანგ იშინგერის ხელმძღვანელობით იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილი ლიდერები უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე იმსჯელებენ. მასში მონაწილეობა სახელმწიფოსა და მთავრობის 65-მდე მეთაურს აქვს დადასტურებული, მათ შორის არ არის საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ გასული წლისგან განსხვავებით მთავრობამ კონფერენციაზე დასასწრებად მოსაწვევი მიიღო, თუმცა აღნიშნა რომ ის კონფერენციას თავად არ დაესწრება, საზოგადოებისთვის კი მოგვიანებით გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას.


































