ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
დღეს, 14 მარტს, ევროკავშირის ელჩებმა რუს ოლიგარქებზე, მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებზე; ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებსა და სხვა პირებზე სანქციების შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი. შეთანხმებას წინ უნგრეთის მუქარა უძღოდა, რომელიც სანქციების გაგრძელებაზე ვეტოს გამოყენებით იმუქრებოდა.
უნგრეთმა მხარდაჭერის სანაცვლოდ სანქცირებულთა სიიდან ოთხი პირის ამოღება მოითხოვა. შედეგად ამ პირებს ევროკავშირმა სავიზო და საფინანსო სანქციები მოუხსნა. როგორც Politico წერს, უნგრეთთან ამ კომპრომისის გარეშე 2000-ზე მეტ პირს სანქციები 15 მარტს მოეხსნებოდა.
უნგრეთის მოთხოვნით სიიდან ამოღებულია ბანკირი და ქიმიური ინდუსტრიის ხელმძღვანელი ვლადიმირ რაშევსკი; წარმოშობით უზბეკი რუსი მილიარდერის ალიშერ უსმანოვის და გულბახორ ისმაილოვა; ბიზნესმენი ვიაჩესლავ კანტორი და რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიაროვი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთი თავდაპირველად სიიდან რვა ადამიანის ამოღებას ითხოვდა, თუმცა კომპრომისულ ვარიანტში მხოლოდ ოთხი პირი მოხვდა. ამას გარდა, უნგრეთის ზეწოლის მიუხედავად, სანქცირებული დარჩა რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი.




























