ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ამბობს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა. მან ამის შესახებ მედიასთან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა მოხდა რეალურად.
"ევროკავშირი ყოველთვის თავისუფლების მხარესაა და ამიტომ, ქართველი ხალხის მხარესაა. ვისმენთ სერიოზულ ბრალდებებს არჩევნებთან დაკავშირებით.
ფინეთი მომავალ წელს ეუთოს უხელმძღვანელებს და ამ კონტექსტში განსაკუთრებით ვაფასებთ თავისუფალი არჩევნების და დემოკრატიის მნიშვნელობას. ვიცი, რომ ეუთო ამ არჩევნებს აკვირდება და მოვუწოდებთ ყველა შესაძლო მონაცემის ფრთხილი ანალიზისკენ, რომელიც ასევე უნდა გასაჯაროვდეს გამჭვირვალედ, რათა შევძლოთ შევაფასოთ, რა მოხდა რეალურად არჩევნებში.
ამასთან, ვიცით, რომ საქართველოში არა მარტო არჩევნების პრობლემაა. სერიოზულად უნდა იყოს გაანალიზებული მოვლენების განვითარება.
ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა, ესაა ჩემი გზავნილი", - თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს, 18 ნოემბერს საქართველოში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროკავშირიდან 100 მლნ ევროზე მეტი თანხა გაიყინება და საქართველოს მთავრობის ნაცვლად NGO-ებს მოხმარდება.