ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიზანში რუსულ შეიარაღებაში არსებულ უცხოურ კომპონენტებს იღებს - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტისას ისაუბრა.
კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა აღნიშნა, რომ სანქციებმა რუსეთში იმპორტირებული ნაწილებით საბრძოლო მასალის დამზადება უნდა შეზღუდოს.
"სანქციებისთვის გვერდის ავლის აღმოსაფხვრელად ზომები უნდა გავაძლიეროთ, რადგან რუსეთი იარაღს ვერ დაამზადებს, თუ მას არ ექნება იმპორტული ნაწილები, ჩიპები და სხვა კომპონენტები. სანქციები იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ რუსეთის ინდუსტრიული წარმოება სხვა ქვეყნებიდან იმპორტისგან იზოლირდეს", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
სანქციების მე-15 პაკეტის შინაარსი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას უკავშირდება, რომელმაც დასავლელ მოკავშირეებს, რუსულ დრონებში უცხოური კომპონენტების აღმოჩენის შემდეგ, მოქმედებისკენ მოუწოდა. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინულ ქალაქებზე რუსული დრონებით შეტევა ბოლო თვეებში განსაკუთრებულად გახშირებულია.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ ოქტომბრის თვეში, უკრაინაში შაჰედის ტიპის 2000-ზე მეტი დრონი ჩამოვარდა: "ამ დრონების 170 000-ზე მეტი კომპონენტის რუსეთში მოხვედრა უნდა დაბლოკილიყო: მიკროჩიპების, მიკროკონტროლერების, პროცესორების და სხვა ნაწილების, რომლებიც ამ ტერორს შესაძლებელს ხდის".
რუსეთი სანქციებისგან თავის არიდებას ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოკავშირეობით ახერხებს. რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში განსაკუთრებულად სერიოზულ როლს ჩინეთის მხარდაჭერაც უზრუნველყოფს, რამაც ცხელი წერტილის კვლავ უკრაინაში გააქტიურებას შეუწყო ხელი. უცხოურ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზვერვის ევროპულმა სამსახურებმა ჩინეთში დრონების შექმნისა და წარმოების რუსული პროგრამაც აღმოაჩინეს.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო, მე-14 პაკეტი 20 ივნისს მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სანქციები რუსული გაზის ინდუსტრიაზე გავრცელდა. სანქციების მთავარი მიზანი მოსკოვის ეკონომიკის შესუსტებაა, რათა რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებისთვის საჭირო რესურსები აღარ ჰქონდეს.