ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
4 ნოემბერს ევროპულმა კომისიამ 10 სახელმწიფოსთან, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიშები წარადგინა. საქართველოს შესახებ 2026 წლის ანგარიში, რომელიც 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს ფარავს, წინა ანგარიშების მსგავსად, უკიდურესად მძიმე რეალობას აღწერს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკუსვლის გაგრძელებაზე მიუთითებს.
ანგარიშთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებით, „გასული წლის განმავლობაში ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით არსებული უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველოს, სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა და კვლავ ვერ იღებს სარგებელს, რომელსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს. მმართველი პარტია საქართველოში განაგრძობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, სამართლის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმისა, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობის საშუალებით. რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამ უფრო მეტად და მკაცრად შეზღუდა სამოქალაქო სივრცე.
"ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა და დაზიანდა რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად, რომელიც ხელყოფს ფუნდამენტურ უფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს, აგრეთვე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს.
ანგარიში ხაზს უსვამს, რომ 2025 წელს და 2026 წლის მარტში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააფართოვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელი შემზღუდველი სამართლებრივი ჩარჩო.
ანგარიში ხაზს უსვამს ვენეციის კომისიის დასკვნებში გაკეთებულ შეფასებებს, რომელთა მიხედვითაც აღნიშნული ცვლილებები, მანამდე მიღებულ შემზღუდველ ზომებთან ერთობლიობაში, საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებს არაპროპორციულად და გაუმართლებლად ზღუდავს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების მიმართულებით, რაც საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება", - წერს საია.
ადამიანის უფლებები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ევროპული ინტეგრაციის ვალდებულებისა და კონსტიტუციის მეორე თავითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების შესასრულებლად, ევროპული კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება უნდა მოხდეს და უნდა შეწყდეს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელმყოფი ქმედებები.
























