ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა არ ეხება ხელისუფლებას და პოლიტიკურ პოლარიზებას, არამედ ქართველი ხალხის ნებას, მიიღოს სამართლიანი არჩევნები.
"საკითხი არ ეხება პოლიტიკას და პოლარიზაციას ან მთავრობას, რომელმაც გადააჭარბა საკუთარ ხელისუფლებას და ავტორიტარიზმში გადაიჭრა. საკითხი ეხება საქართველოს და მის მომავალს. ქართველი ხალხი არ გაჩერდება, ვიდრე საქართველო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს არ მიიღებს. რადგან ეს არის ერთადერთი დემოკრატიული პოლიტიკური გამოსავალი ამ სიტუაციიდან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ საქმე ბლოკის სანდოობას ეხება, რადგან ევროკავშირს არ უღირს, საქართველოს მიერ ევროპული გზიდან გადახვევა, რადგან ეს საფრთხეს მთლიანად რეგიონს შეუქმნის.
"თუმცა საქმე თქვენც გეხებათ. ევროპას ეხება. პირველ რიგში, ევროპის სანდოობას ეხება. ევროპას არ უღირს, რომ ქვეყანამ, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი, გადაუხვიოს ყველა დემოკრატიული ნორმიდან, მას შემდეგ, რაც უარს ამბობს და არ ასრულებს ევროკავშირის 12 თუ 9 რეკომენდაციას; ევროპას არ უღირს, თავისი მთავარი პრინციპების გამო შეარცხვინონ.
საქმე ევროპის სტრატეგიულ ინტერესსაც ეხება, საქართველო არის, იყო და, დარწმუნებული ვარ, იქნება, დასავლეთისა და ევროპის მთავარი საყრდენი რეგიონში, რომლის დაკავებასაც რუსეთი ცდილობს, რადგან რუსეთს ახსოვს რუსული იმპერიის დროინდელი გენერლების ნათქვამი - “ის, ვინც ფლობს თბილისს, ფლობს კავკასიას”. ეს რუსეთისთვის არ შეცვლილა.
თუ საქართველო დამარცხდა რუსულ კონტროლთან, და არ ვსაუბრობ სამხედრო ინტერვენციაზე, არამედ საარჩევნო და კონსტიტუციურ დარღვევებზე, ფსონი ძალიან მაღალია და საფრთხეს შავი ზღვის უსაფრთხოებას, აზიასთან კავშირს, სომხეთის ევროპულ მომავალს უქმნის. შესაბამისად, ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ქართული დემოკრატია და პოლიტიკური არჩევანი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.