ახალგაზრდობის უნარების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა საველე პრაქტიკა მარნეულში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წამყვანი ფერმერის, ნაირა პაქსაძის მეურნეობაში გაიარეს. სასწავლო სესია კლიმატგონივრულ ფერმერობას მიეძღვნა - ინფორმაციას FAO ავრცელებს.
ტრენინგი ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 820-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო პრაქტიკული ცოდნა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ხოლო FAO-მ ცოდნა 4,700-ზე მეტ სკოლის მოსწავლესაც გაუზიარა.
FAO-ს აგრონომიისა და ექსტენციის სპეციალისტების ხელმძღვანელობით, სტუდენტებმა ჩითილების თანამედროვე სანერგე, ბოსტნეულის სათბურები (გვირაბები) და ღია გრუნტის საწარმოო ნაკვეთები სხვადასხვა სავეგეტაციო გარემოს შესადარებლად დაათვალიერეს. სასწავლო პროცესში მათ შეისწავლეს შემაღლებული კვლების მოწყობის პრინციპები, წვეთოვანი და დაწვიმებითი საირიგაციო სისტემების მუშაობის სპეციფიკა, ასევე გაეცნენ აგრომეტეოროლოგიური სადგურის სენსორებიდან რეალურ დროში მონაცემების მიღების პროცესს.
პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად სტუდენტებმა თავად მოამზადეს საჩითილე სუბსტრატი და დათესეს ადგილობრივი კლიმატური პირობებისადმი მედეგი ბოსტნეულის თესლი. ინიციატივის მიზანი თეორიული სწავლების პრაქტიკულ საველე პირობებთან დაკავშირება და კლიმატის ცვლილების პირობებში ადაპტირებული ტექნოლოგიების გაცნობა იყო.
„რაც უფრო მეტად გაეცნობიან სტუდენტები ინტეგრირებული სამეურნეო სისტემების მიდგომას, მით უკეთესი იქნება. ექსპერტებისგან და ასევე ფერმერებისგან სწავლა მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი და გამოსადეგი ტექნოლოგიების პოპულარიზაციისთვის, რომლებიც კლიმატის ცვლილების საკითხებს პასუხობენ. ევროკავშირი მხარს უჭერს FAO-ევროკავშირის ბენეფიციართა ქსელს, რომელიც საქართველოში სტუდენტებს ამ შესაძლებლობებს სთავაზობს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა, დენის რაისმა.
FAO-ს ENPARD IV პროგრამის მენეჯერის, გუიდო აგოსტინუჩის თქმით, პრაქტიკული სწავლება დარგის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია: „საველე პირობებში მუშაობით, სტუდენტები იმყარებენ და იყენებენ თეორიულ ცოდნას, რაც მათ ეხმარება უფრო მედეგი და ძლიერი სასურსათო სისტემების ჩამოყალიბებაში“.
პროექტის შესახებ:
ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებასა და სიღარიბის შემცირებას. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს. ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარი განმახორციელებელი ორგანიზაციები FAO და ჩეხეთის განვითარების სააგენტო არიან.




























