"ევროპის მოძველებული ენერგოინფრასტრუქტურის განახლებას და ენერგიის საწყობების აშენებას ტრილიონობით დოლარის ინვესტიცია დასჭირდება, რათა ფეხი აუწყოს მწვანე ენერგიის გენერაციასა და მზარდ მოთხოვნას და თავიდან აირიდოს ენერგოკრიზისი", - ამის შესახებ Reuters-ი დარგის ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.
საქმე ისაა, რომ გასულ კვირას ესპანეთსა და პორტუგალიაში 12-საათიანი უშუქობა ევროპის ისტორიაში ყველაზე მწვავე ენერგოკრიზისად შეფასდა. მიუხედავად იმისა, რომ უშუქობის მიზეზს გამოძიება ამ დრომდე ადგენს, ინდუსტრიის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ინფრასტრუქტურული ინვესტიცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ესპანეთის ელექტროგამანაწილებელი კომპანია Red Electra აცხადებს, რომ ესპანეთში მასობრივი უშუქობა, სავარაუდოდ, ქსელში მომხდარმა ორმა სხვადასხვა ინციდენტმა გამოიწვია.
“უშუქობა გამოფხიზლების ზარი იყო. აჩვენა, რომ ევროპის ელექტროქსელის მოდერნიზება და განმტკიცება სასწრაფო და გარდაუვალია” - განაცხადა ევროპის ელექტროენერგიის ინდუსტრიის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა Reuters-თან.
ევროკავშირის ელექტროქსელის ძირითადი ნაწილი გასულ საუკუნეში მოეწყო. ხაზების ნახევარი 40 წელზე მეტს ითვლის. მწვანე ენერგიაზე, მონაცემთა ცენტრებსა და ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნა კი გაუმჯობესებულ ქსელს საჭიროებს, რომელიც ასევე დაცული იქნება კიბერთავდასხმისგან.
2010 წლის შემდეგ განახლებად ენერგიაში გლობალური ინვესტიცია თითქმის გაორმაგდა, ქსელის შესაცვლელად კი ეს ინვესტიცია წელიწადში $300 მილიარდს აღწევს. როგორც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, ეს ინვესტიცია 2030 წლამდე უნდა გაორმაგდეს და წელიწადში $600 მილიარდს მიაღწიოს იმისთვის, რომ დაძველებული ინფრასტრუქტურა შერემონტდეს და განახლდეს.
ქარისა და მზის პროექტების მშენებლობა შედარებით უფრო სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, ვიდრე - ელექტროქსელის, რამაც, შესაძლოა, ათწლეულზე მეტი წაიღოს. შესაბამისად, პრობლემის ნაწილი, ვადებთან ერთად, მაღალი ხარჯები და კომპლექსურობაა, რაც დიდ ტერიტორიაზე ქსელის განახლებას ახლავს თან.
ევროკომისიის გამოთვლებით, ევროპას 2050 წლამდე ქსელის განახლებისთვის $2.3 ტრილიონამდე ინვესტიცია დასჭირდება. გასულ წელს ევროპულმა კომპანიებმა ამ მიზნით 80 მილიარდი ევროს ინვესტიცია გამოჰყვეს, რაც გასული წლების 50-70-მილიარდიანი ინვესტიციის ფონზე, გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საჭიროა, ბიზნესის კონტრიბუცია 100 მილიარდამდე გაიზარდოს.