მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს ეკონომიკის წინსვლის წინაპირობაა - საშა ტერნესი

საშა ტერნესი

საქართველოში მოქმედმა 14-მა ბიზნესს ასოციაციამ ხელი მოაწერა მიმართვას და შეუერთდა მოწოდებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ბიზნესს გაერთიანებებს იმედი, აქვთ, რომ ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს მის საბოლოო მიზანთან, რაც არის ევროკავშირის წევრობა. ოფიციალური მიმართვა, სადაც ბიზნესი ადასტურებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ, ოფიციალურ ბრიუსელს გაეგზავნება.

ბიზნესი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მიღებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, ისე კეთილდღეობისა და განვითარებისთვის.

"ვუერთდებით ბიზნესს ასოციაციებს და გვინდა გამოვხატოთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. დღეს თქვენ დგამთ პირველ ნაბიჯს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და არის წინაპირობა საქართველოს ეკონომიკის წინსვლისთვის. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა და ინვესტიცია ჩავდეთ როგორც მოსახლეობის, ისე ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების კუთხით გასული წლების განმავლობაში და იმედი მაქვს, რომ ეს დღეს შედეგს მოიტანს“- განაცხადა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელმა საშა ტერნესმა.

ერთობლივ განცხადება გაკეთდა შემდეგი ბიზნესს ასოციაციების სახელით:

  • ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
  • გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
  • სავაჭრო და სამრეწველო პალატა - საფრანგეთი-საქართველო
  • ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
  • ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველო
  • საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
  • გადასახადის გადამხდელთა კავშირი
  • საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • საქართველოს საბანკო ასოციაცია
  • საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატა
  • სლოვაკეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა

„ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დავანახოთ ხმა ბრიუსელს. ვფიქრობთ, 14 ბიზნეს ასოციაციის ერთობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იყო უპრეცენდენტო შეკრება. ყველამ ერთად დავანახეთ [ევროკავშირს], თუ რა კეთილდღეობა სურს საქართველოს. რა სურს საქართველოს მოსახლეობას, რა სურს ქართულ ბიზნესს. ევროპის გარეშე ჩვენი მომავალი ცალსახად წარმოუდგენელია. მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ ბაზარზე ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მწარმოებლების და ფერმერების კეთილდღეობას და აგრეთვე ევროპა მალე დაინახავს საკმაოდ დიდ მომავალს საქართველოში“,-აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები