საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული 2025 წლის ანგარიშის დასკვნები საქართველოსთან მიმართებით გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის.
როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება და ეს კრიტიკული ანგარიში უნდა იყოს მოწოდება, შესაბამისი ქმედებებისთვის.
"ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავაც ღია რჩება იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს. ჩემთვის, როგორც ელჩისთვის, წლევანდელი ანგარიშის წარმოდგენა ადვილი არაა. სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის",- ამბობს ელჩი და დასძენს, რომ საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან იმაზე ბევრად უფრო შორსაა, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან დაშორება აირჩია, სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა წინ წაიწიეს.
ევროკომისიამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების შესახებ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დემოკრატიული ვითარების გაუარესებას ეთმობა და აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო გაჩერებულია", ხოლო 2025 წელს კი დამატებით დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში "მნიშვნელოვანი უკუსვლა" ფიქსირდება და საქართველო კანდიდატის სტატუსის მხოლოდ "სახელწოდებას" ინარჩუნებს.
საქართველოს EU-ის კანდიდატის ქვეყნის მხოლოდ სახელწოდება შერჩა - ევროკომისიის ანგარიში




























