2024 წლიდან დღემდე ევროკავშირის მიერ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, Google-ისთვის, Apple-ისა და Meta-სთვის და სხვა, ანტიმონოპოლიური და კონკურენციის კანონების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების მოცულობა $7 მილიარდს აღემატება, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან პროტესტს იწვევს.
ეს ჯარიმები სულ უფრო დიდი დავის საგნად იქცევა. კომპანიები და თეთრი სახლი აცხადებენ, რომ ისინი ევროკავშირის მხრიდან ინოვაციებისადმი მტრულ დამოკიდებულებას ასახავს, მაშინ როცა ევროკავშირი CNBC-ს ეუბნება, რომ მისი მკაცრი პოზიცია კომპანიებს აიძულებს, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც მომხმარებლებისთვისაა სასარგებლო.
2024 წლიდან მოყოლებული ექვსი ჯარიმა დაწესდა:
მარტი, 2024: Apple 1.84 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა ანტიმონოპოლიური წესების საფუძველზე, მუსიკალური სტრიმინგის აპლიკაციების დისტრიბუციის ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის.
ნოემბერი, 2024: Meta 797 მილიონი ევროთი დაჯარიმდა ანტიმონოპოლიური წესების საფუძველზე, Facebook Marketplace-ის სასარგებლოდ გამოყენებული პრაქტიკის გამო.
სექტემბერი, 2025: Google 2.9 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა ანტიმონოპოლიური წესების საფუძველზე სარეკლამო ტექნოლოგიების ბიზნესში ანტიკონკურენტული პრაქტიკის გამო.
აპრილი, 2025: Apple-ი 500 მილიონი ევროთი დაჯარიმდა "მიმართულების შეცვლის აკრძალვის" (anti-steering) ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. Meta 200 მილიონი ევროთი დაჯარიმდა "ციფრული ბაზრების აქტის" ფარგლებში, რადგან მომხმარებლებს სთხოვდა თანხმობას კომპანიასთან მონაცემების გაზიარებაზე ან ურეკლამო სერვისისთვის საფასურის გადახდას.
დეკემბერი, 2025: X (ყოფილ Twitter) 120 მილიონი ევროთი დაჯარიმდა "ციფრული სერვისების აქტის" ფარგლებში გამჭვირვალობის ვალდებულებების დარღვევისთვის.
"ყველა კომპანია, რომელიც ევროკავშირში ბიზნესს აწარმოებს, ანგარიშვალდებულია ევროპელი ხალხის წინაშე და პატივი უნდა სცეს იმ წესებს, რომლებიც მათ დასაცავადაა შექმნილი," - განუცხადა კომისიის პრესსპიკერმა CNBC-ს და დასძინა, რომ ჯარიმები ეხება მხოლოდ ფირმების იმ ოპერაციებს ევროპაში, რომლებიც ევროკავშირის წესებს არღვევს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას განსხვავებული ხედვა აქვს. მან ბლოკის კრიტიკა გააძლიერა და მას ტექნოლოგიური ფირმების ჭარბ რეგულირებასა და ევროპის მიერ AI-ის განვითარებისგან მისაღები სარგებლის საფრთხეში ჩაგდებაში ადანაშაულებს.
თებერვალში ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ განიხილავს ტარიფების დაწესებას უცხოური მთავრობების მიერ ამერიკულ კომპანიებზე დაკისრებული "ციფრული სერვისების გადასახადების (DST), ჯარიმების, პრაქტიკისა და პოლიტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად".
ევროპა ორ მიზანს შორის ბალანსირებს: ერთი მხრივ, ის თავისი ციფრული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილისთვის აშშ-ის ტექნოლოგიურ ფირმებზეა დამოკიდებული (მიუხედავად იმისა, რომ მთავრობები ტექნოლოგიების მომწოდებლების დივერსიფიკაციასა და სუვერენული ალტერნატივების განვითარებას ცდილობენ) და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ამ კომპანიებმა მისი წესები დაიცვან.




























