აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის შესაჩერებლად ჩინეთს დამატებით სანქციებს არ დაუწესებს, სანამ ევროპული ქვეყნები თავად არ შემოიღებენ მკაცრ გადასახადებს ჩინეთისა და ინდოეთისთვის.
როგორც ბესენტმა Reuters-სთან და Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, მისი აზრით, ევროპულმა ქვეყნებმა უფრო მტკიცე როლი უნდა შეასრულონ რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვით მიღებული შემოსავლის შესამცირებლად და, შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად.
"ველოდებით, რომ ევროპელებმა თავიანთი წილი შეასრულონ და მათ გარეშე ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ", - განაცხადა ბესენტმა კითხვაზე, აპირებს თუ არა ვაშინგტონი ჩინეთისთვის დამატებითი ტარიფების დაწესებას, როგორც ეს ინდოეთის შემთხვევაში მოხდა: ქვეყანას რუსული ნავთობის იმპორტის გამო 25%-იანი გადასახადი დაუწესდა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპულ ქვეყნებს აქტიურად მოუწოდებს, რომ ჩინეთიდან და ინდოეთიდან იმპორტზე 50-დან 100%-მდე ტარიფები დააწესონ და ამით შეამცირონ რუსული ნავთობის გაყიდვით მოსკოვის მიღებული შემოსავალი.
ბესენტმა ინტერვიუში ის ევროპული ქვეყნებიც გააკრიტიკა, რომლებიც კვლავ სარგებლობენ რუსული ნავთობპროდუქტებით, სხვები კი საწვავს ინდოეთიდან ყიდულობენ, სადაც ასევე ფასდაკლებით ნაყიდი რუსული ნავთობი გადამუშავდება. აშშ-ის სახაზინო მდივანმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები "საკუთარ ეზოში კონფლიქტს აფინანსებენ".
"გარანტიას გაძლევთ, რომ თუ ევროპა არსებით მეორეულ ტარიფს შემოიღებს რუსული ნავთობის შემსყიდველი ქვეყნებისთვის, ომი 60 ან 90 დღეში დასრულდება", - განაცხადა სკოტ ბესენტმა.
ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ მზად იქნება ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან, რათა განიხილონ უფრო მკაცრი სანქციები რუსული სუბიექტების, მათ შორის ისეთი ნავთობკომპანიების მიმართ, როგორიცაა "როსნეფტი" და "ლუკოილი"; ასევე მზაობა იმ რუსული აქტივების უფრო ფართო გამოყენებისთვის, რომლებიც მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიყინა.




























